droa.ge-ს სტატიის შემდეგ სოფელ ზინობიანში პრობლემების მოგვარება დაიწყეს

წინა სტატია

სოფელ ზინობიანში, რომლის გასაჭირზეც droa.ge ცოტა ხნის წინ წერდა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ პრობლემების მოგვარება დაიწყო.

სოფელი, რომელსაც არც გზა აქვს, არც წყალი და  ხშირად არც დენი, არც ექიმი ჰყავს და არც ამბულატორია აქვს, ყვარლიდან სულ 12 კილომეტრში მდებარეობს და მსოფლიო ეთნოკულტურისთვის უმნიშვნელოვანეს ადგილს წარმოადგენს, რადგან აქ, სოფელ ზინობიანში, კომპაქტურად ცხოვრებენ უდები (უდინები), რომელთა საერთო რაოდენობა მსოფლიოში სულ ათი ათასამდეა. კომპაქტურად კი მხოლოდ რამდენიმე ადგილას ცხოვრობენ, მათ შორის ერთ-ერთი სწორედ ზინობიანია.

ერთ წელზე მეტი ამ სოფელში მცხოვრები მოსახლეობა ყვარლის მუნიციპალიტეტს გზის მოხრეშვას სთხოვდა, რადგან აქ გადაადგილება უკვე შეუძლებელი ხდებოდა. სოფელი მზად იყო, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, თავადაც ფიზიკურად ემუშავა იმისათვის, რომ საკუთარი გზა მოეწესრიგებინა.

ყვარლის მერიას, რომელსაც ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის თანხებს, სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, ცენტრალური ბიუჯეტიდან ლიმიტირებულად აძლევენ, საკუთარი მწირი შემოსავლებით, არათუ გზის კაპიტალური შეკეთების, ხშირად მისი მოხრეშვის თანხაც კი არ აქვს.

ამის მიუხედავად, droa.ge-მ, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, გამოსავალი იპოვნა – ცოტა ხნის წინ მდინარე დურუჯიდან, მისი კალაპოტის გაწმენდის შემდეგ, 2 მილიონ კუბამეტრზე მეტი ნაშალი ამოიღეს. ნაშალის ნაწილი ნაპირსამაგრ სამუშაოებს მოხმარდა, დიდი ნაწილი კი მდინარის პირას იყო დაყრილი. სწორედ ამ მასალით იყო შესაძლებელი ზინობიანის და კიდევ რამდენიმე მსგავსი პრობლემის მქონე სოფლის გზის მოხრეშვაც.

როგორც ჩანს, ეს გამოვასავლი ადგილობრივი ხელისუფლებისთვისაც ოპტიმალური აღმოჩნდა და პრობლემის მოგვარებაც ოპერატიულად დაიწყო – რამდენიმე დღის წინ სოფელში ხრეში უკვე მიიტანეს და სამუშაოებიც იწყება.

როგორც უკვე გითხარით, გზის გარდა, სოფელს არ აქვს ამბულატორია, რის გამოც მოსახლეობას, პირველადი ჯანდაცვის სერვისის მისაღებად და სოფლის ექიმთან მოსახვედრად, სხვა სოფლამდე რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევს. მიუხედავად იმისა, რომ პირველადი ჯანდაცვაც ცენტრალიზებულია, ჯანდაცვის სამინისტროს მოსაგვარებელია და არა – ადგილობრივი ხელისუფლების, ზინობიანელებმა droa.ge-ს უთხრეს, რომ მათ ამბულატორიის მოწყობის პირობაც მიიღეს. გარდა ამისა, შესაძლებელია, სოფელს სკვერიც გაუკეთონ.

დაგეგმილი სამუშაოების სანახავად და მოსახლეობასთან შესახვედრად 2 დღის წინ სოფელში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი ჩავიდნენ. “მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ხელისუფლება, მათთვის უფრო ხელმისაწვდომი ვართ და მათი საჭიროებების შესახებ ხმა ასე უფრო ძლიერად ისმის”, – განაცხადა გაბუნიამ ზინობიანელებთან შეხვედრის შემდეგ.

ცხადია, ამ სოფლის პრობლემები მხოლოდ გზის მოხრეშვით ვერ მოგვარდება. ახლა მოსახლეობამ, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, როგორც მინიმუმ, ზრუნვა იმაზე უნდა დაიწყოს, რომ მოხრეშილი გზა, რომელიც ერთი წლის შემდეგ თითქმის იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდება, როგორშიც ახლაა, მომავალ წელს მაინც, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დახმარებით, კაპიტალურად შეკეთდეს.

და თუ ყვარლის მუნიციპალიტეტი, დაპირებული დეცენტრალიზაციის შემდეგ, საკუთარი შემოსავლების გაზრდას შეძლებს, ზინობიანისა თუ სხვა სოფლების საჭიროებების მოსაგვარებლად ცენტრალურ ხელისუფლებაზე კიდევ უფრო ნაკლებად იქნება დამოკიდებული, რაც ადგილობრივ ხელისუფლებასაც უფრო ეფექტურს გახდის და მოსახლეობასაც – უფრო კმაყოფილს.

მსგავსი სიახლეები