ბაღდათის მერის მოადგილე 500 ლარით დააჯარიმეს

862

საჯარო სამსახურის ბიურომ ბაღდათის მერის მოადგილე ფირუზ ბურჯანაძე ქონებრივი დეკლარაციის არასრულად შევსებისთვის 500 ლარით დააჯარიმა. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს.

ფირუზ ბურჯანაძემ  მიმდინარე წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ ის არის შპს “ჯორჯია სეთ კომპანი 2-ის” 15%-იანი წილის მესაკუთრე, მას ასევე არ მიუთითებია, რომ ,,ჯორჯიან სენდ კომპანიში”” 50%-იანი წილის მფლობელია. ფირუზ ბურჯანაძეს წილის მართვის უფლება სხვა პირისთვის არ გადაუცია, რაც საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა დარღვევაა.

არასრულყოფილად შევსებული დეკლარაცია არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”-ს მიერ მომზადებულ კვლევაშიც მოხვდა.

ფირუზ ბურჯანაძის შემთხვევის გარდა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”-მ ბაღდათისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში არასრულად შევსებული დეკლარაციებისთვის და თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის შვიდი ფაქტი დააფიქსირა.

“რაც შეეხება სხვა პირებს ამაზე არ მოუმართავთ  საჯარო სამსხურის ბიუროდან და მომართვის შემთხვევაში კანონის შესაბამისი რეაგირება მოჰყვება”, – განმარტავენ მუნიციპალიტეტში.

კანონმდებლობის მიხედვით, თანამდებობის პირი ვალდებულია, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია დანიშვნიდან ორი თვის ვადაში წარადგინოს. დეკლარაცია ივსება ყოველწლიურად, ყოველი წინა დეკლარაციის შევსების დღიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, ორი კვირის ვადაში.

“საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ”” კანონის კიხედვით, საჯარო პირი ვალდებულია მიუთითოს მისი და მისი ოჯახის წევრების სახელზე არსებული უძრავ მოძრავი იქნება. ამავე დოკუმენტის თანახმად, დეკლარაციის არასრულად შევსებისთვის  ჯარიმდებიან.