ირაკლი ნადირაძე: მერსა და თბილისის მთავრობას სამშენებლო კოეფიციენტების გაზრდის უფლება არ უნდა ჰქონდეს

1157

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ მერსა და თბილისის მთავრობას არ უნდა ჰქონდეს კოეფიციენტების გაზრდისა და სპეციალური ზონალური შეთანხმებების გაცემის უფლება. “ეს ნიშნავს, რომ ქალაქს ბენზინი გადავასხათ და ასანთი მივცეთ ბავშვებს“, – თქვა ნადირაძემ. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

ისი თქმით, თბილისში ქაოსურ მშენებლობას არაფერი ეშველება თუ გენგეგმის მიღების პარალელურად არ აიკრძალა კოეფიციენტების გაყიდვის და გარკვეული ზონალური შეთანხმებების გაცემა. აღნიშნულ საკითხს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დააყენებს.

„თბილისში მავნებლურ მშენებლობებს და ურბანულ ქაოსს ვერ ეშველება თუ გენგეგმის მიღების პარალელურად ერთხელ და სამუდამოდ არ შევზღუდეთ და რიგ შემთხვევებში საერთოდ არ ავკრძალეთ კოეფიციენტების გაყიდვის მავნე პრაქტიკა და ისეთი ზონალური შეთანხმებების გაცემა, სადაც 100 კვადრატულ მეტრზე, მერის თანხმობით, შეიძლება 100 სართული აშენდეს. თქვენ იცით, რომ ამჟამინდელი მერის პირობებში ზონალური საბჭო გაუქმდა და ახლა ფაქტობრივად მერის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა, გაზარდოს კოეფიციენტები და გასცეს სპეციალური ზონალური შეთანხმებები. დღეს შემოაქვს ცვლილება, რომლის მიხედვითაც უნდა, რომ ეს პასუხისმგებლობა თბილისის მთავრობას დააკისროს. თუ ოდესმე მსგავსი ტიპის შემთხვევებზე პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, გართულებები თავიდან რომ აიცილოს და თბილისის მთავრობაზე გადაანაწილოს.

იქიდან გამომდინარე, რომ თბილისის გენგეგმას და ზონალურ ცვლილებებს ამტკიცებს საკრებულო, შესაბამისად, კოეფიციენტების ზრდასა და სპეციალური ზონალურ შემთხვევებზეც საკრებულომ უნდა იმსჯელოს. ეს ფუნქცია თბილისის მერს და თბილისის მთავრობას არ უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დასამტკიცებლად საკრებულოს 4 ივლისს გადაუგზავნა. მოგვიანებით გამართულ ბრიფინგზე კი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ძალაში 2019 წლის 1 იანვრიდან შევა.

ამასთან, 5 ივლისს თბილისის საკრებულომ დედაქალაქის გენერალურ გეგმაზე მუშობა ოფიციალურად დაიწყო.

გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო.