ზუგდიდში ორ მოედანს სახელს მიანიჭებენ

744

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დარეგისტრირდა ინიციატივა,რომლის თანახმადაც, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ტერიტორიას თავისუფლების მოედანი უნდა ეწოდოს, ავტოსადგურის მონაკვეთს კი, რომელიც ამ დრომდე გია ჭანტურიას სახელს ატარებს, სახელწოდება შეეცვალოს და პირველი რესპუბლიკის მოედნად იწოდოს. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

ეკონომიკის, ურბანული განვითარების და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავას თქმით, რომლის კომპეტენციაც გეოგრაფიული ობიექტების სახელდებაა, ამ წინადადების ავტორები ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები არიან.

კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, ზეპირად ქალაქის ცენტრში მდებარე ტერიტორიას თავისუფლების მოედნით მოიხსენიებდნენ, თუმცა ეს იურიდიულად არსად არ ფიქსირდება.

„ეს არის გზა, რომელიც მიდის სოხუმამდე, როგორც ერთიანობის სიმბოლო. სწორედ ამ გზაზე მდებარე მოედანს ჩვენ დავარქმევთ პირველი რესპუბლიკის მოედანს, რომლის სამართალმემკვიდრეებიც ვართ, რომელიც იყო პირველი დამოუკიდებებლი რესპუბლიკა“, – ამბობს ირაკლი ლაგვილავა.

ირაკლი ლაგვილავა ამბობს, რომ კომისიას ჯერ ეს საკითხი არ განუხილავს, თუმცა მას მხარს უჭერს. მისივე თქმით, აინტერესებთ საზოგადოების მოსაზრება ინიციატივის შესახებ, რათა საკითხის გადაწყვეტისას მათი წინადადებებიც გაითვალისწინონ.