ქუთაისში ასათიანის ქუჩის რეაბილიტაცია 2018 წელს დასრულდება

683

ქუთაისში, ასათიანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წელს დაიწყო, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე დასრულებული არ არის. განახლდება თუ არა წელს სამუშაოები იმ ტენდერის შედეგებზეა დამოკიდებული, რომელიც ქუთაისის მერიამ აღნიშნულ ქუჩაზე ღვარსადენისა და ტროტუარების მოწყობის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით გამოაცხადა. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.

ტენდერში წინადადებების მიღება 10 ივლისს სრულდება.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია მითითებული,  ასათიანის ქუჩის სიგრძე 1 500 მეტრია. უხვი ნალექის პირობებში კი, აღმაშენებლის გამზირიდან მომდინარე წყალი ასათიანის ქუჩაზე მიედინება და ქუჩაზე არსებული კერძო და მუნიციპალურ ინფრასტრუქტურას ტბორავს, მოცემულ ქუჩაზე დაზიანებულია ტროტუარებიც.

საპროექტო დავალების მიზანია, ფაქტობრივი მდგომარეობის კვლევისა და შესწავლის საფუძველზე ჩამოყალიბდეს ლ. ასათიანი ქუჩის ღვარსადენის სისტემისა და ტროტუარების სრულყოფილი პროექტი.

ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ 3 წლის განმავლობაში საჭიროების შემთხვევაში პროექტში ცვლილებები უნდა უსასყიდლოდ შეიტანოს. სატენდერო შესყიდვის ღირებულება 10 ათასი ლარია.

ასათიანის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოების დაწყებისათვის პირველ ეტაპზე  საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგება, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებული ტენდერის  გამოცხადდება. გამარჯვებული ფირმის გამოვლენის შემდეგ დაიწყება სამუშაოები.

როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, ქუჩის რეაბილიტაციის დასრულება მიმდინარე წელს მოხდება. სასურველია სამუშაოების დაწყება ზამთრის სეზონს არ დაემთხვეს.

ასათიანის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესი რამდენიმე წელია მიმდინარეობს, რაც არაერთხელ გახდა მოსახლეობის და პოლიტიკური ორგანიზაციების პროტესტის მიზეზი. სამუშაოები წყლის სისტემის რეაბილიტაციის მიზნით დაიწყო, რომელსაც თურქული კომპანია SMK აწარმოებდა. არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების გამო, კომპანია მრავალჯერ გახდა კრიტიკის ობიექტი.  სამუშაოების გაჭიანურების ოფიციალურ მიზეზად  SMK სწორედ არასტაბილურ ამინდებს ასახელებდა.

წვიმის გარდა ხელისშემშლელი სხვა ფაქტორებიც გამოიკვეთა.  ქუთაისის მერიის ა(ა)იპ “სპეციალური სერვისების” საქმე, რომელიც ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობას ეხება, გამოსაძიებლად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ააიპ “სპეციალური სერვისების” მიერ ასათიანის ქუჩაზე ჩატარებული სამუშაოების შესახებ დოკუმენტაცია თავდაპირველად, ქუთაისის რაიონულ პროკურატურას ორგანიზაციის ახალმა უფროსმა, ზვიად მანდარიამ გადაუგზავნა. შედეგად, საქმეზე ძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. წინასწარი ინფორმაციით, “სპეციალურმა სერვისებმა”, რომელმაც ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 315 000 ლარი მიიღო, სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა. გარდა ამისა, არსებობს ეჭვი, რომ სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხა არამიზნობრივად დაიხარჯა. პროექტის მიმდინარეობის დროს კი ა(ა)იპ-ის ყოფილი ხელმძღვანელი ფინანსურ დოკუმენტებსაც არ აფორმებდა. საკითხთან დაკავშირებით ძიება დაიწყო, თუმცა შედეგები ჯერ არ გამხდარა ცნობილი.