გურჯაანის მერია პოლონეთში მემორანდუმს გააფორმებს

801

ხვალ გურჯაანის დელეგაცია პოლონეთში პიასეჩნოს მუნიციპალიტეტში, სამუშაო ვიზიტით მიემგზავრება. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.

როგორც მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ეკა ცისკარაშვილმა განაცხადა, პოლონეთში მოწვევით მიემგზავრებიან და ვიზიტის ფარგლებში ორ მუნიციპალიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდება.

„ეს არის მოწვევა მათგან, ჩვენ ჩავალთ პირველები. ამის მერე ჩვენც დავგეგმავთ მასპინძლობას, ოღონდ ჯერ არვიცით როდის. მერიიდან მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი და მე ვიქნებით წარმომადგენლები.

ასევე, ჩვენთან ერთად გამოემგზავრება: გუბერნატორი, სანაყინეს დირექტორი გურამ ბერიკაშვილი და ადგილობრივი მეწარმე ველისციხიდან- ვანო ნარეკლიშვილი. დელეგაციას ხელმძღვანელობს მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი. პოლონეთში დაგვხვდება პიასეჩნოს მუნიციპალიტეტის მერი ვოიჩეს ოლდაკოვსკი“, – განაცხადა ცისკარაშვილმა.

ეკა ცისკარაშვილის თქმით, მემორანდუმი რამდენიმე სფეროში გაფორმდება.

„ხვალვე გავაფორმებთ მემორანდუმს, რომელიც ეხება: კულტურის, ეკონომიკის, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობას და მხარდაჭერას. შევხვდებით საქართველოს ელჩს პოლონეთში ილია დარჩიაშვილს და მედიის წარმომადგენლებს . დავათვალიერებთ სანერგე მეურნეობებს, ტკბილეულის ქარხანას და ა.შ.“

მისივე თქმით, დელეგაცია ხვალ გამთენიისას გაემგზავრება და პარასკებს დაბრუნდება.