სიღნაღის სოფელ ზემო ბოდბეში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

1166

ამ წუთებში სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოდბეში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით მოსახლეობა აქციას მართავს. იფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, სოფლის კუთვნილი წყალსადენიდან სიღნაღი მარაგდება, რის გამოც მათ წყალი სამ დღეში ერთხელ რამდენიმე წუთით მიეწოდებათ.

ამ წუთებში ადგილობრივებმა სოფლის წყალსადენთან გადაინაცვლეს, სიღნაღთან დამაკავშირებელი ხაზი გადაკეტეს და წყალი სოფელში გაუშვეს. წყალსადენთან სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.

“12 წელია გვატყუებენ, უწყლოდ ვართ. სამ დღეში ერთხელ მოდის წყალი და ისიც 20 წუთით. ამ სიცხეში უწყლოდ ყოფნა შეიძლება? ჩვენ წინააღმდგები არ ვართ,მისცენ წყალი სიღნაღსაც, მაგრამ ჯერ სოფელი დააკმაყოფილონ. არ შევწყვეტთ პროტსეტს. წყალ მომარაგების მენეჯერი, მარტია მაზიაშვილი საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს წყალს, ჩვენ ამას არ მოვითმენთ”, -განაცხადა სოფელ ზემო ბოდბეში გიორგი კაღაშვილმა.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სერვის ცენტრის მენეჯერი ადგილობრივების ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. მარტია მაზიაშვილის განცხადებით, ტემპერატურის მატების გამო წყლის მარაგი შემცირებულია და ზემო ბოდბეს მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება.

“წინა თვებში ყოველდღე მიეწოდებათ წყალი, ეხლა სიცხის გამო მარაგი აღარ გვაქვს და ამიტომ უბნების მიხედვით სამ დღეში ერთხელ ვუშვებთ წყალს. ეს შეთანხმებულია ყველა პასუხიმგებელ პირთან”, – აღნიშნა მარტია მაზიაშვილმა.