ზაზა გაბუნიამ “სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის” II ფორუმზე განხილული საკითხები შეაჯამა

877

წინა სტატია

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას ორგანიზებით გამართულ “სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის” II ფორუმის დღევანდელ, დასკვნით სესიაზე მოქალაქეთა მონაწილეობასა და რეფორმის კონტექსტში სახელმწიფო და მუნიციპალური ქონების საკითხების დეცენტრალიზაციის შესახებ იმსჯელეს.

ზაზა გაბუნიამ მოქალაქეთა ჩართულობის გასაძლიერებლად ეროვნული და საერთაშორისო საკანონმდებლო მექანიზმები მიმოიხილა. მას მიაჩნია, რომ მოქალაქე მხოლოდ მაშინ იქცევა თვითმმართველობისა თუ ცენტრალური ხელისუფლების პარტნიორად, როცა მას ნდომა უჩნდება. „მოქალაქის ასი პროცენტით ჩართვა ნიშნავს მმართველის ასპროცენტიან წარმატებას. ეს არის ეფექტური გზა გავიგოთ, რა უნდა ხალხს“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

გაბუნიამ ყურადღება გაამახვილა მოსახლეობის ინფორმირებულობისა და ინფორმაციის პროაქტიული გავრცელების, ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე, თვითმმართველობის ევროპული მოდელების დადებით მხარეებსა და პრაქტიკაში მათი დანერგვის აუცილებლობაზე. “არჩეული პირების ლეგიტიმაცია არ არის მხოლოდ არჩევნებზე მისთვის ხმის მიცემა. ჩვენ გვჭირდება იმ მანდატის განმტკიცება ყოველდღიურად, რასაც მოსახლეობა არჩევნების დროს გვაძლევს“, – აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.

რეფორმის კონტექსტში სახელმწიფო და მუნიციპალური ქონების საკითხები დეცენტრალიზაციის საკითხის შესახებ კომიტეტის წევრმა, კობა ლურსმანაშვილმა ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო შპს-ების ფორმატით არსებულ ქონებაზე, რომელსაც სახელმწიფოს წინაშე დავალიანებები აქვთ, ასევე, მიწებზე, რომელთა დარეგისტრირებაც მუნიციპალიტეტებმა უნდა უზრუნველყონ. „მუნიციპალიტეტებმა მიწების დარეგისტრირება უნდა უზრუნველყოს არა პრიორიტეტისა და დასწრების წესით, არამედ ეს მიწები ავტომატურად მისი საკუთრება უნდა იყოს და არ უნდა არსებობდეს სახელმწიფოსთან თანაზიარობის პრინციპით“, – აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ ფორუმის მუშაობა შეაფასა. „იყო ძალიან საინტერესო 2 დღე. განვიხილეთ ის საკითხები, რაზეც მუნიციპალიტეტებს მუდმივად ჰქონდათ შეკითხვები. ამ თემებთან დაკავშირებით მათ, ასევე, ჰქონდათ ცენტრალურ ხელისუფლებასთან კომუნიკაციისა და დიალოგის სურვილი. ჩვენ განვიხილეთ ბევრი ისეთი თემა, რომელიც ინერციით ხორციელდებოდა, თუმცა ჩემი აზრით, იყო აუცილებელი სისტემური მიდგომა და პოლიტიკის განსაზღვრა. დისკუსიებისას გამოიკვეთა ბევრი კარგი მაგალითი. მიმაჩნია, რომ ეს მაგალითები სხვებისთვისაც იქნება კარგი იმპულსი, რომ იყოს სისტემური, გრძელვადიანი და გამჭვირვალე მიდგომა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონებში ჩვენი მოსახლეობისთვის. მეორე ფორუმი წარმატებით ჩატარდა, რასაც აუდიტორიის აქტიურობაც მოწმობს. ორივე ფორუმის ფარგლებში ჯამში განვიხილეთ 15-მდე ისეთი მსხვილი საკითხი, რომელიც ხვალიდანვე შეუწყობს ხელს მუნიციპალიტეტებს, იყონ უფრო ეფექტურები თითოეული მიმართულებით. მადლობა ყველა მონაწილეს“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

ფორუმში მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის წევრებმა, მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეებმა, მინისტრების მოადგილეებმა, სამინისტროების წარმომადგენლებმა.

ფორუმის მხარდამჭერები იყვნენ: გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP), ეროვნულ-დემოკრატიული ინტიტუტი (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) და World Vision. ღონისძიება იმართება, შვეიცარიის, ავსტრიისა და დანიის მთავრობების და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური ხელშეწყობით.