ყვარლის ციხეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

998

ყვარლის ციხეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამის ბრძანებას ხელი სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ 2018 წლის 8 მაისს მოაწერა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მარტში, ყვარლის ციხეში საუკუნოვანი კოშკის ნაწილი ჩამოინგრა. ციხის აღსადგენად ტენდერი ორჯერ გამოცხადდა. დაზიანებული ისტორიული ძეგლის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 18 500 ლარი გამოიყო.

ციხის ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია 1755 წლის ყვარლის ბრძოლა: ავარიის ხანმა ნურსალ-ბეგმა ქართლ-კახეთის წინააღმდეგ მთელი დაღესტანი დალაშქრა და ყვარლის ციხეს შემოარტყა ალყა. ციხეში გამაგრებულმა მეციხოვნეებმა დიდხანს გაუძლეს ალყას მაგრამ ბოლოს თოფ-წამალი და საკვები შემოაკლდათ. მეფე ერეკლეს გადაწყვეტილებით, მოხალისეები რომლებიც შეძლებდნენ მეციხოვნეებთან შეღწევას და სანოვაგის და იარაღის მიწოდებას ყმობიდან განთავისუფლდებოდნენ. 206 კაცისგან შემდგარმა რაზმმა მეფის დავალება შეასრულა და ყვარლის ციხეში გამაგრებულებს იარაღი და სანოვაგე მიაწოდა. პარალელურად ერეკლეს მარბიელმა ლაშქარმა ჭარ-ბელაქნის დარბევა დაიწყო. დაღესტნელები მიხვდენენ რომ ციხე დანებებას არ აპირებდა, ამიტომ ალყა მოხსნეს და უკან გაბრუნდნენ.