ზუგდიდის საკრებულომ ორ დეპუტატს ეთიკის კოდექსის დარღვევისთვის გაფრთხილება მისცა

909

ეთიკის კოდექსის დარღვევისთვის ოპოზიციონერ დეპუტატს ანა წითლიძეს მიეცა გაფრთხილება ოქმში შეტანით, უმრავლესობის წევრ სალომე ფაცაციას კი სიტყვიერი გაფრთხილება.

“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოქმედებს ეთიკის კოდექსი, რომელიც მიღებულია NDI-ის დახმარებითა და მხარდაჭერით. მას საკრებულოს ყველა წევრი ეთანხმებოდა, თუმცა დეპუტატი ანა წითლიძე შეურაცხყოფას აყენებს ამ კოდექსსაც და NDI-ის, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციას და არ აღიარებს მის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რადგან ამბობს, რომ ერთ ადგილას აიფარეთ ეს კოდექსი“, – განაცხადა იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე სანდრო სორდიამ.

თავის მხრივ, ანა წითლიძე აღნიშნავს, რომ მან საჯაროდ გამოხატა აზრი საკრებულოს დეპუტატის ეკატერინე კიფაიას და უმრავლესობის სხვა წევრების მიმართ და ის ახლაც იგივე აზრზეა.

„სასაცილოდაც არ მყოფნის. მე კიდევ ერთხელ შემიძლია გავუმეორო ქალბატონ კიფაიას, რომ ის ვიდეოები, რასაც ისინი აზიარებდნენ თითქოს წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ ქმედებებზე, ეს დავალება ყველა საჯარო მოხელეს ჰქონდა, რაც არის მონობა. ისინი არიან ბიძინა ივანიშვილის მონები“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

მიმდინარე წლის 10 ივნისს, სანდრო სორდიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ ზუგდიდის საკრებულოში მოქმედი იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისია დაიწყებს შესწავლას სოციალურ ქსელში დეპუტატების მხრიდან ეთიკის ნორმების შესაძლო დარღვევის ფაქტების. პირველ შემთხვევაში საქმე ეხება უმრავლესობის წევრ სალომე ფაცაციას, რომელიც შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავს სამოქალაქო აქტივისტ ეგნატე შამუგიას, რაც რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენსა და პუტინთან დაახლოებულ მიხეილ ხუბუტიაზე საუბარს მოჰყვა. მეორე შემთხვევაში კომისია დაინტერესდა ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარე ანა წითლიძის მიმართვის ფორმით, თუ როგორ მოიხსენიებს ის ფეისბუკში განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ეკატერინე კიფაიას და მერიის ახალგაზრდულ და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროს დავით შამათავას.