ქუთაისში რუსული თეატრის გასტროლი პროტესტის მიზეზი გახდა

841

ქუთაისში მოსკოვის თეატრის გასტროლი პროტესტის მიზეზი გახდა. ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ “ევროპა ჩვენი სახლია” მოსკოვის თეატრისთვის ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის სცენის დათმობა გააპროტესტა. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.

“8 ივლისს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის სცენა მოსკოვის ერთ-ერთი თეატრს ჰქონდა დათმობილი. ეს ხდება მტრის მხრიდან მცოცავი ოკუპაციის, ადამიანების გატაცებისა და სიცოცხლის განადგურების ფონზე, მაშინ როცა რუსული იმპერიალისზმი ყველა ფორმით ებრძვის საქართველოს სახელმწიფოებრიობას!

რაც ყველაზე სამარცხვინოა, ამაში ჩართულია კულტურის სამინისტრო და სხვა ცენტრალური თუ ადგილობრივი სტრუქტურები, ღონისძიების მხარდამჭერთა შორის კი სანახევროდ ოკუპირებული ქვეყნის მოქალაქეთა გადასახადებით დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელია.

იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია და ქუთაისის მერია ან გაემიჯნება იმ პროცესს, რაც ქუთაისში რუსული პროპაგანდისტული მანქანის გააქტიურებას უკავშირდება და გამოწვევებთან ბრძოლებში უსუსურობას აღიარებს, ან შეუერთდება კულტურის სამინისტროს და ძალაუნებრუად აღმოჩნდება მტრის რიგებში, რომელმაც ამჯერად ახალი დესანტი “კულტურის და ხელოვნების” მუშაკთა სახით გადმოსვა საქართველოში”, – აცხადებს ორგანიზაციის დამფუძნებელი გია გოქაძე.

ამ ბრალდებას ქუთაისის მერიაში უპასუხეს. მერიის ცნობით, გასტროლთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ.

“როგორც ჩემთვის ცნობილია ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში გაიმართა. მეტ ინფორმაციას აღნიშნული გასტროლის შესახებ, ჩვენ არ ვფლობთ“, – განაცხადა ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების უფროსმა თამთა თურმანიძემ.

გასტროლთან დაკავშირებით ყველანაირი კავშირი უარყვეს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაშიც.