ზუგდიდის თეატრის მშენებლობა ნოემბერში დაიწყება

795

ზუგდიდის თეატრის დემონტაჟი განახლდა. ეკონომიკის სამინისტროსგან ადმინისტრაციამ ნებართვის წერილი უკვე მიიღო. თეატრის უკანა ნაწილი მთლიანად დანგრეულია. დარჩენილია მხოლოდ წინა ფასადი. დირექტორმა ზურაბ ეგუტიამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ დემონტაჟი პირველ ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს, ან ცოტა ადრეც, როგორც მშენებლებმა უთხრეს:

„მარტო ფასადია დარჩენილი. მასაც დაანგრევენ და დემონტაჟიც ამით დასრულდება. შემდეგ კი დაიწყება ახალი შენობის მშენებლობა ნოემბრის დასაწყისში, ან უფრო ადრე“.

ზურაბ ეგუტიას ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნებიც მიიღეს, რომლის თანახმადაც შენობის ფუნდამენტი არამყარია. რატომ ვერ გამოვლინდა იგივე პირველივე ექსპერტიზისას, განმარტა:

„ეს არ ვიცი, მაგრამ როცა „ქართუმ“ დაიწყო დემონტაჟი, ჩავიდა ბოლომდე, ნახეს, რომ ფუნდამენტი საეჭვო იყო. რადგან ოთხსართულიანი ხდება თეატრი, ამიტომ, ფუნდამენტი ძალიან მყარი უნდა ყოფილიყო“.

ზურაბ ეგუტიას ცნობით, სამუშაოებზე დასახარჯი თანხაც და დროც დაახლოებით იგივე რჩება. მშენებლობა სავარაუდოდ 2020 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

ოფიციალური ინფორმაციით, რეკონსტრუციისთვის ჯამში 10 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. ახალ თეატრს ევროპული სტანდარტების ორი დარბაზი ექნება. დიდი დარბაზი გათვლილია 370 მაყურებელზე, მცირე კი – 130 ადამიანზე. თეატრს სახელოსნო, საგრიმიორო, სამკერვალო, საკონფერენციო დარბაზი, კაფე, სასტუმრო და გახმოვანების უახლესი აპარატურა ექნება.

მანამდე კი დასი სპექტაკლებს კულტურის სახლში გამართავს.