საგზაო უსაფრთხოებაზე მომუშავე არასამთავრობოები პრემიერს მიმართავენ

918

საგზაო უსაფრთხოებაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრს მიმართავენ და შეხვედრისკენ მოუწოდებენ. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაშია ნათქვამი, შემაშფოთებელია ბოლო პერიოდში საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

„არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები – ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის”, ფონდი “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის”, ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია, “ჰაბ ჯორჯია”, “საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია”, ორგანიზაცია ”იარე ფეხით” შეშფოთებას გამოთქვამენ ბოლო თვეების განმავლობაში გაზრდილი საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების გამო. 2018 წლის 6 თვის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით 11%-ით გაიზარდა საგზაო შემთხვევათა რაოდენობა და 12%-ით დაშავებულობა.

მოგახსენებთ, რომ ყოველწლიურად საქართველოში 550 – დან 600-მდე ადამიანი იღუპება და 10 000 – მდე ადამიანი იღებს ტრავმას ავტო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად. საქართველოში გზებზე დაღუპვა 3-ჯერ აღემატება ევროპის საშუალო ქვეყნის მონაცემებს, ხოლო 5-ჯერ საუკეთესოს.

2017 წლის 1 ივლისს ძალაში შესულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, საგანმანათლებლო კამპანიის განხორციელებამ და ხელისუფლების მხრიდან საკითხის აქტუალიზაციამ ავტოსაგზაო შემთხვევათა კლება გამოიწვია, რამაც 12%-ით შეამცირდა ავტოავარიების რაოდენობა, თუმცა მიმდინარე წელს მდგომარეობა კვლავ გაუარესდა.

ვითარება მეტად საგანგაშოა და მოითხოვს ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების აქტიურ ჩართულობასა და საკითხის კონტროლის ქვეშ აყვანას.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, გთხოვთ დაგეგმოთ შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა ერთობლივად გამოინახოს პრობლემის გადაჭრის გზები“, – ნათქვამია მიმართვაში.

მიმართვას უერთდებიან: “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის”, ფონდი “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის”, “ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია”,
“ჰაბ ჯორჯია”, “საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია” და ”იარე ფეხით”.