გორში დევნილთა ახალი კორპუსის სარდაფში ჭაობია (ვიდეო)

758

გორში კომბინატის დასახლებაში მდებარე დევნილთა კორპუსების სარდაფში ჭაობია. ამის ამსახველი კადრები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გადაიღო.

მცხოვრებთა განმარტებით, წყალი ჯერ კიდევ შესახლების დროს შეამჩნიეს და მას შემდეგ მდგომარეობა არ შეცვლილა.

ციალა ქენქაძე, ცხინვალიდან დევნილი ამბობს, რომ წყლის დაგროვების კონკრეტული მიზეზი უცნობია:

,,ჩვენ როცა შემოვსახლდით, მაშინაც იდგა წყალი. არ ვიცით, საიდან გროვდება. რა თქმა უნდა წვიმის წყალიც ემატება, მაგრამ ზოგჯერ უნალექო ამინდიცაა და წყალი მაინც დგას. თან უკვე სუნიც ტრიალებს” – აცხადებს ციალა ქენქაძე.

შეგახსენებთ, რომ 480 დევნილი ოჯახისთვის განკუთვნილ ობიექტზე მშენებლობა 2015 წლის სექტემბერში დაიწყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ს ს ,,ტრანსმშენი“ ახორციელებდა. როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, აღნიშნული კომპანია დევნილთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ხშირად იმარჯვებს, ამიტომ Qartli.ge მისი წარმომადგენლებითაც დაინტერესდა.

აღმოჩნდა, რომ მისი გენერალური დირექტორი (ნავთობისა და გაზის კომპანიის ყოფილი წარმომადგენელი) ირაკლი შენგელია 2016 წლის ივნის-ივლისში პოლიტიკური პარტიების (ახალი საქართველო და წარმატებული საქართველოს) შემომწირველია, სულ 8 000 ლარით. ხოლო აღნიშნული კომპანიის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ გვარამაძეს 2016 წლის 25 გვისტოს 10 ათასი ლარი ,,ქართული ოცნებისთვის“ აქვს შეწირული.