თბილისის ტერიტორიის 20% ბუნებრივი საფრთხის მაღალი საშიშროების კატეგორიაში მოხვდა

800

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში, დედაქალაქის ტერიტორიის 20% ბუნებრივი საფრთხის მაღალი საშიშროების კატეგორიაში მოხვდა.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ფარგლებში, გეოსაშიშროებიდან გამომდინარე მოხდა დედაქალაქის დარაიონება კატეგორიების მიხედვით, კერძოდ, განისაზღვრა დაბალი, საშუალო და მაღალი კატეგორიები, სადაც, თავის მხრივ, გათვალისწინებულია ტერიტორიის მორფოლოგიური (რელიეფი), ჰიდროგეოლოგიური და ჰიდროლოგიური (დატბორვა) პირობები, გეოლოგიური აგებულება, თანამედროვე სტიქიური პროცესები და ანთროპოგენური ფაქტორი.

მაღალი გეოსაშიშროების ტერიტორიაა, სადაც რელიეფი დახრილია და ძლიერ დანაწევრებული, ამგები გრუნტები სხვადასხვა მზიდი თვისებებით გამოირჩევიან და ქანების წოლის ელემენტები ძირითადად თანხვედრილია ფერდობების დახრილობის მიმართულებებთან, წყალსადინარების ჭალა-კალაპოტის (მათ შორის დატბორვის) ზონები და გამოირჩევიან სტიქიური პროცესების მასშტაბური განვითარებით. ასეთია დედაქალაქის ტერიტორიის 20%.

ბუნებრივი საფრთხის საშუალო კატეგორიაში, სადაც რელიეფი ნაკლებად დახრილია და სუსტადაა დანაწევრებული, ამგები გრუნტები სხვადასხვა მზიდი თვისებებით გამოირჩევიან, მიწისქვეშა წყლები შედარებით ახლოსაა ზედაპირთან, დატბორვებს იშვიათად აქვს ადგილი და სტიქიური პროცესები მასშტაბური ხასიათს არ ატარებენ, თბილისის ტერიტორიის 29% მოხვდა.

დედაქალაქის ტერიტორიის 51% ბუნებრივი საფრთხის დაბალი საშიშროების კატეგორიაშია, სადაც რელიეფი ძირითადად სწორია, დანაწევრების ხარისხი უმნიშვნელო, ამგები გრუნტები გამოირჩევიან შედარებით მდგრადი მზიდი თვისებებით, მიწისქვეშა წყლები ძირითადად ღრმა ცირკულაციისაა, დატბორვებს ადგილი არა აქვს და სტიქიური პროცესები პრაქტიკულად არ ფიქსირდებიან.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართულ ბრიფინგზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ძალაში 2019 წლის 1 იანვრიდან შევა.

ამასთან, დღეს თბილისის საკრებულომ დედაქალაქის გენერალურ გეგმაზე მუშობა ოფიციალურად დაიწყო.

გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო.