თვითმმართველი ქალაქების გაუქმების საკითხზე საკრებულოებს წერილები დაუგზავნეს

674

რეგიონული განვითარების სამინისტროდან ახალციხის თემის და ქალაქის საკრებულოებმა, გუშინ, 15 მაისს წერილები მიიღეს. სამინისტრო საკრებულოებს სთხოვს თემისა და ქალაქის შეერთების საკითხი განიხილონ და თავიანთი პოზიცია აცნობონ.

“პასუხის დაბრუნების ვადა, მაქსიმუმ, 20 დღე იქნება, საკრებულოები თავად გადაწყვეტენ ამ საკითხს როდის განიხილავენ”, – განაცხადეს რეგიონული განვითარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ქალაქ ახალციხის საკრებულოში ამბობენ, რომ წერილი ამ დროისთვის საკრებულოს თავმჯდომარესთანაა შესული სარეზოლუციოდ: “როდის ჩაინიშნება სხდომა, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. კენჭისყრა გაიმართება და საოქმო ჩანაწერი გაკეთდება. ამ შემთხვევაში აქტი არ გამოიცემა”.

ქალაქის საკრებულოსგან განსხვავებით, თემს სხდომის გამართვის დღე უკვე განსაზღვრული აქვს.

“ამ საკითხზე პარასკევს ვიმსჯელებთ”, – ამბობს ქალაქ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე.

თუმცა სხდომის გამართვამდე ლომიძე საკუთარ პოზიციას აფიქსირებს და ამბობს, რომ თემისა და ქალაქის გაერთიანებას მხარს უჭერს: “მთავარი ისაა, რომ შეერთებით არც თემის და არც ქალაქის ბიუჯეტი არ იცვლება. არ ვიცი უმრავლესობა რას გადაწყვეტს, მაგრამ მე შეერთებას მხარს დავუჭერ”.

იგივე პოზიციას აფიქსირებს ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე: “წერილი დღეს შემოვიდა და ვამუშავებთ. სხვადასხვა არგუმენტებს ვაჯერებთ. ექსპერტებთანაც გავივლით კონსულტაციებს. ბევრი არგუმენტია, რის გამოც შეერთება სჯობს, ამიტომ მე მხარს შეერთებას დავუჭერ”.

ქალაქის და თემის გაერთიანებას უჭერს მხარს ქალაქის საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე: „ვიდრე ეს საკითხი ასეთი აქტუალური გახდებოდა, მანამდეც ვაფიქსირებდი ჩემს პოზიციას, რომ თვთმმართველობებში ბევრი ადამიანი დასაქმებული არ უნდა იყოს. ხალხი კერძო ბიზნესში უნდა მუშაობდეს. ამიტომ მხარს შეერთებას დავუჭერ“.

“კადრების ოპტიმიზაცია ააიპ–ების და კიდევ სხვა, ბევრი მიმართულებით შეიძლება. ეს არგუმენტი თემის და ქალაქის შესაერთებლად ვერ იქნება. რაც გაიყო, ასე ერთსაც და მეორესაც მეტი პრობლემა უგვარდება, ხალხიც მეტადაა ჩართული თვითმმართველობების მუშაობაში. არ დავუჭერ მხარს შეერთებას”, – აცხადებს ქალაქის საკრებულოში ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი ზურაბ სადათიერაშვილი და ამატებს, რომ ფრაქციაში ყველას ერთი პოზიცია აქვს.

ოპოზიციური ფრაქციის მსგავსად, ამ ეტაპზე ქალაქის და თემის შეერთებას არ ეთანხმება დამოუკიდებელი დაპუტატი შალვა გოგოლაძე: “ვიდრე არგუმენტებს მოვისმენდე, რატომ არის კარგი შეერთება, ასე, უბრალოდ დასმულ შეკთხვაზე გიპასუხებთ, რომ თემი და ქალაქი არ უნდა გაერთიანდეს. ვნახოთ შეერთების დასაბუთებას რითი ეცდებიან, მერე შეიძლება დავფიქრდე”.

ქალაქის საკრებულოს დეპუტატი უმრავლესობიდან გელა პეტაშვილი კი საკუთარ პოზიციას სხდომამდე არ აფიქსირებს: “ჯერ თავს შევიკავებ”.
სხდომის გამართვამდე პრესასთან საუბრისგან თავს იკავებენ ახალციხის თემის საკრებულოში “ოცნების” დეპუტატები.

“საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამის შესახებ საკუთარ აზრს სხდომაზე დააფიქსირებენ, ახლა საუბარი არცერთს სურს”, – გვითხრა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ნათია ყურმაშვილმა.

უმრავლესობის წევრებისგან განსხვავებით, უკვე ცნობილია თემის საკრებულოში ოპოზიციური ფრაქციების პოზიცია. ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და ფრაქცია “ევროპული საქართველო” თემისა და ქალაქის შეერთებას მხარს არ დაუჭერენ.

“ჩვენ თავიდანვე არ გვინდოდა, რომ გაყოფილიყო თემი და ქალაქი, ეს ფულის ტყუილად ხარჯვად მიგვაჩნდა, მაგრამ გაყეს, ამაში დიდი შრომა გაიწია, ახლა კი ისევ აერთებენ. შეერთებას მხარს არ დავუჭერთ”, – აცხადებს ახალციხის თემის დაპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ კობა სანდროშვილი.

“ჩვენი ფრაქცია ერთ აზრზეა, შეერთებას მხარს არ დავუჭერთ”, – ამბობს ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე მაკა სუდაძე.
საბოლოოდ რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ საკრებულოების უმრავლესობები, ჯერ უცნობია, თუმცა რაც არ უნდა გადაწყვიტონ მათ, როგორც რეგიონული განვითარების სამინისტროში გვიხსნიან, ეს საერთო შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს.

“მათ პოზიციებს ჯერ მთავრობა განიხილავს, შემდეგ კი ეს საკითხი პარლამენტს გადაეგზავნება. რაც არ უნდა იყოს, საერთო გადაწყვეტილებაზე, უნდა გაუქმდს თუ არა თვთმმართველი ქალაქები, საკრებულოების პოზიცია გავლენას ვერ მოახდენს”, – გვითხრეს რეგინული განვთარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე