გენგეგმის შესახებ ნაციონალები თბილისის მერიას და საკრებულოს ორი ინიციატივით მიმართავენ

790

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დედაქალაქის გენგეგმასთან დაკავშირებით ორ ინიციატივას დააყენებს, რომელიც მშენებლობის კოეფიციენტების გაყიდვისა და სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემის გამკაცრებას ითვალისწინებს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

ფრაქციის თავმჯდომარის ირაკლი ნადირაძის თქმით, შესაბამის ნორმატიულ აქტებში შევიდეს ცვლილებები და ის რეგულაციები, რომლებიც უფლებას იძლევა გაიყიდოს მშენებლობის კოეფიციენტები და გაიცეს სპეციალური ზონალური შეთანხმება, რომელიც ხშირ შემთხვევაში თბილისელების ინტერესებს ეწინააღმდეგება, დარეგულირდეს, გამკაცრდეს ან საერთოდ გაუქმდეს.

„ფაქტია, რომ ოპოზიციამ ყველაფერი გავაკეთეთ, თბილისის მერიას გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფთან ხელშეკრულება არ შეეწყვიტა. შესაბამისად, დღეს უკვე საუბარია იმაზე, რომ თბილისის საკრებულოში უნდა გადმოიგზავნოს ეს დოკუმენტი. დოკუმენტი ვრცელტანიანია და ჩვენ რამდენიმე დღე დაგვჭირდება, რათა გავეცნოთ და ყველა ჩვენი შენიშვნა, წინადადება, რეკომენდაცია დავდოთ. თუმცა, ამ ქალაქს ვერც ერთი დოკუმენტი ვერ უშველის, თუ გენგეგმის მიღების პარალელურად არ დავიწყებთ მერიასა და საკრებულოში მსჯელობას – ერთხელ და სამუდამოდ ამ ქალაქში აიკრძალოს მშენებლობის კოეფიციენტების გაყიდვის მავნე პრაქტიკა და სპეციალური ზონალური შეთანხმებების გაცემა, რომლის დროსაც ფაქტიურად 100 კვ.მ ფართობზე 100 სართულიანი კორპუსის აშენება შეიძლება. ამიტომ, ჩვენ თუ გვინდა დედაქალაქში ურბანული ქაოსი დასრულდეს, გენგეგმის მიღებასთან ერთად ეს ორი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ აყენებს, უნდა განვიხილოთ და მივიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დამტკიცდება გენგეგმა, მაგრამ თუ ყოველ კვირას, ყოველთვე გამოვა განსახილველ საკითხებად ზონალური ცვლილებები, კოეფიციენტების მატება, გენგეგმაში ცვლილებების შეტანა, ეს ყველაფერი აზრს დაკარგავს“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ  თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. კალაძის თქმით, თბილისის გენგეგმაზე მუშაობა დასრულდა და მერია გენგეგმას საკრებულოს დასამტკიცებლად უგზავნის.

საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ კი განაცხადა, რომ თბილისის საკრებულოს კომისიები დედაქალაქის გენერალურ გეგმას დაინტერესებული პირებისა და სპეციალისტების ჩართულობით განიხილავენ. 

გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო.