თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალზე გზის რეაბილიტაცია სრულდება

1081

თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალზე გზის საფარის აღდგენითი სამუშაო დასრულების ეტაპზეა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ტურისტული სეზონისთვის, ზამთრის პერიოდში დაზიანებული გზა სრულად შეკეთდა. დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოხდა გზის ორმოული შეკეთება, მოწესრიგდა დაზიანებული ბორდიურები და საგზაო ნიშნები. ამ ეტაპზე კი გრძელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.

“სამუშაოს დასრულების შემდეგ, ავტოტრანსპორტის მოძრაობის მხრივ, ყველაზე მაღალი ინტენსივობის, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალით (აღმოსავლეთიდან-დასავლეთ საქართველოს მიმართულებით და პირიქით) საკურორტო და რეკრეაციულ ზონებამდე მისვლა შეუფერხებლად და კომფორტულად იქნება შესაძლებელი.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზასთან ერთად, დაზიანებულ საგზაო მონაკვეთებზე, მოვლა-შენახვის სამუშაო, მთელი საქართველოს მასშტაბით, აქტიურად გრძელდება”, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.