სატრანსპორტო კომპანია შიდა პოლიტიკას გადახედვას გეგმავს

798

თბილისის სატრანსპორტო კომპანია იწყებს გენდერული, ანუ თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკის დანერგვას, რაც გულისხმობს კომპანიაში ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მუშაობა ხელსაყრელი და მისაწვდომი იქნება, როგორც მამაკაცების, ასევე, ქალებისათვის. ინფორმაციას gbc.ge ავრცელებს.

“ამით გვსურს, მოწინავეები გავხდეთ და პირველებმა დავნერგოთ ქალებისთვის თანაბარი შესაძლებლობები სატრანსპორტო სფეროში, რომელიც, ტრადიციულად, მამაკაცებით დომინირებულ სფეროდაა მიჩნეული”, – აღნიშნავენ კომპანიაში.

პროექტის ფარგლებში გადაისინჯება კომპანიის შიდა პოლიტიკა და პროცედურები, რათა კომპანიაში დასაქმება მიმზიდველი იყოს როგორც მამაკაცების, ასევე ქალებისთვის; ასევე, შეიქმნება საპილოტე ტექნიკური სკოლა, სადაც გადამზადდებიან მძღოლობის მსურველი ქალბატონები, კომპანიაში შემდგომი დასაქმების პერსპექტივით; შემუშავდება ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ახალი სისტემა თანამშრომლებისთვის; დაინერგება ახალი რეგულაციები, მათ შორის, შიდა საჩივრების მექანიზმის მოდელი, მოწესრიგდება სამუშაო გრაფიკთან და სხვა პირობებთან დაკავშირებული საკითხები და ა.შ.

ამ დროისთვის წინამოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია: არსებული პრაქტიკა და პოლიტიკა გადაისინჯა, მომზადდა რეკომენდაციები, განხორციელების გეგმები, საკომუნიკაციო კამპანია, მომზადდა შესაბამისი სლოგანი, დაიწყო თანამშრომელთა ინფორმირება და ა.შ.

თანაბარი შესაძლებლობის პოლიტიკის დანერგვა ხორციელდება „თბილისის ავტობუსების პროექტის” ფარგლებში, რომელიც საქალაქო ტრანსპორტის ავტოპარკის განახლებას ისახავდა მიზნად და რომლის ფარგლებშიც, თბილისის მერიამ ქალაქისთვის 143 ახალი, ენერგოეფექტური ავტობუსი შეიძინა. პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ ფინანსდება.