„საუკუნის პროექტი“ მდინარე სუფსას მიაქვს

1218

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლების –  დიდი ვანის, შუა სურების და ზემო სურების საინიციატივო ჯგუფის წევრები დახმარებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, 2016 წელს გაკეთებული, ბუკისციხე – სურების გზის 6-კილომეტრიან მონაკვეთზე გავლა კვლავ შეუძლებელია, რისთვისაც ადგილობრივ ხელისუფლებას და საქართველოს მთავრობას დახმარების თხოვნით მიმართავენ.

მათივე ინფორმაციით, 2016 წელს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გზის 6-კილომეტრიანი მონაკვეთის მოხრეშვას 385 ათასი ლარი დაახარჯა, თუმცა, სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უხარისხოდ შეასრულა. რის გამოც, გზის ეს მონაკვეთი ისევ დაზიანებულია. მოსახლეობა კი, ამ გზის მოასფალტებას უშედეგოდ ითხოვს.

„სუფსას გაატანეს 385 ათასი ლარი. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ  არ შეასრულა. შარშანაგვისტოში, როცა სამუშაოები უნდა ეწარმოებინათ, ტექნიკა ქობულეთში გადაიტანეს, ოქტომბრის ბოლოსდაბრუნდნენ, მაშინ, როდესაც უკვე წვიმები იყო და ტალახიანი გზის მოხრეშვას აზრი აღარ ჰქონდა. რაც იყომასალა მოტანილი, ისიც წყალმა წაიღო ისე, რომ გზაზეც არ გაუშლიათ“, _ აცხადებს „გურია ნიუსთან“ საუბრისას სურების საინიციატივო ჯგუფის წევრი ზურა დარსალია.

„ჩვენი ხეობა მაღალმთიანია ზამთარში დიდი თოვლი მოდის, გზა ტექნიკით იწმინება და მოხრეშილ გზასგააფუჭებს. ამიტომ საჭიროა მოასფალტება“,_ აცხადებს საინიციატივო ჯგუფის პრეზიდენტი გიორგი ტრაპაიძე.

„გურია ნიუსი“ ამ გაზასთან დაკავშირებით არაერთხელ წერდა, ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში _  “დროებითი” გზის ბზარებში ჩაკარგული 200 000 ლარი აღნიშნულია, რომ „გზა, რომლის შეკეთება გადასახადის გადამხდელებს 206 970 (15 000 ლარი _ პროექტის ღირებულება და 191 970 ლარი სამშენებლო სამუშაოები) დაუჯდათ, უკვე დაზიანებულია”.

საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე, 202 560.00 ლარის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 2016 წლის 16 სექტემბერს გამოცხადდა _ როგორც გამგეობის შესყიდვების სამსახურში განმარტავენ, მას შემდეგ, რაც მთავრობამ ფული გამოყო.

ტენდერში ორმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა _ შპს “უნივერსალმა” შემსყიდველს სამუშაოების შესრულება 166777.00 ლარად შესთავაზა, ხოლო შპს “ახალმშენმა” _ 191 970.00 ლარად.

კანონის თანახმად, გამარჯვებულად შპს “უნივერსალი” გამოცხადდა, თუმცა, სატენდერო კომისიამ “უნივერსალს”, როგორც ოფიციალურ დოკუმენტაციაში წერია, ტექნიკური ხარვეზი დაუდგინა და დისკვალიფიცირებული ფირმის ნაცვლად, გამარჯვებულად შპს “ახალმშენი” გამოცხადდა.

მშენებელმა _ შპს “ახალმშენმა” (ხელმძღვანელი ამირან ბასილია), სამუშაოების შესრულების პროცესში პროექტში ცვლილებების შეტანა მოითხოვა და შესაბამისი წერილით მიმართა გამგეობას. მოგვიანებით, ორგანიზაციის მოთხოვნის საფუძველზე, უპრობლემოდ შევიდა. ამის შემდეგ სამუშაოები განხორციელდა, თანხა დაიხარჯა, თუმცა, ობიექტის ჩაბარებიდან ერთი თვის თავზე, გზა ისევ გასკდა და დაზიანდა. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიას სამუშაოები 2016 წლის 20 დეკემბერს უნდა დაესრულებინა, თუმცა, მიღება-ჩაბარების კომისიამ ვადა 10 იანვრამდე გაუგრძელა. როგორც მინდია ჟღერია ამბობს, ამის მიზეზი ცუდი ამინდები გახდა.

შპს “ახალმშენის” ხელმძღვანელი, ამირან ბასილია ამბობს, რომ გზის დაზიანებასთან პროექტში შეტანილ ცვლილებები არაფერ შუაშია. მშენებელი არ გამორიცხავს, რომ გზა კიდევ უფრო დაზიანდეს და აღნიშნავს, რომ სწორედ ამიტომ ჰქვია “დროებითი”, _ ნათქვამია სტატიაში.

აღნიშნულ გზასთან დაკავშირებითაც დარღვევები აუდიტის სამსახურმაც გამოავლინა. რასთან დაკავშირებითაც ვწერდით.

თუმცა, სურების საინიციატივო ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ გზის ამ მონაკვეთის მოასფალტების დაპირება უკვე მიღებული ჰქონდათ, ახლა კი, ასფალტის ნაცვლად, არც მოხრეშილი გზა აქვთ და სოფლებამდე მისვლა ისევ გართულებულია.

„როგორც ადგილობრივი ხელისუფლება, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გვპირდებოდა, რომ გზის ამ მონაკვეთს 2017 წელს მოაასფალტებდნენ, ხოლო დარჩენილ 12 კილომეტრს ისევმოხრეშავდნენ და მომავალი წლისთვის დაიგეგმებოდა მთლიანად მოასფალტება. რელიეფიდან გამომდინარე,გზის ამ მდგომარეობაში დატოვებას აზრი არ აქვს, მეწყრული ადგილებია, სადაც ხრეში ვერ გაჩერდება. გზაზეწყლები გადმოდის, რის გამოც, ამდენი ნაწვალები მდინარე სუფსას მიაქვს“, _ აცხადებენ სურების საინიციატივო ჯგუფის წევრები. მათივე ინფორმაციით, ბუკისციხე – დიდი ვანის გზის 6-კილომერიანი მონაკვეთის მოასფალტებისთვის, დაახლოებით 1 მილიონ 400 ათასი ლარია საჭირო, რაც მუნიციპალური განვითარების ფონდს დათვლილი აქვს.

აღნიშნულს არ ადასტურებენ მუნიციპალურიგანვითარების ფონდში. როგორც „გურია ნიუსს“ ფონდიდან წერილობით აცნობეს, 2016 წელს ბუკისციხე – დიდი ვანის გზის 6-კილომერიანი მონაკვეთის შეკეთების სამუშაოები მათ არ უწარმოებიათ. მათი ინფორმაციით, ხარჯები ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გაიღო.

„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ბუკისციხე-ზემოსურების გზის 16,5 კმ-იანი გზის რეაბილიტაციისსამუშაოები 2017 წლის თებერვალში დაიწყო და 2018 წლის თებერვალში დასრულდება. დაფინანსების წყაროევროპის საინვესტიციო ბანკია.

ბუკისციხე-ზემო სურების გზა ძალიან ვიწრო და გაუვალი იყო. მიმდინარეობს ფერდობების ჩამოჭრა, რათა მოხდეს გზის გაგანიერება. მოსახლეობისთვის გადაადგილება პრობლემას წარმოადგენდა. ეს გზა რამდენიმესოფელს აკავშირებს ერთმანეთთან. სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფლების მოსახლეობა კომფორტულიგზით შეძლებს გადაადგილებას“, _ აღნიშნულია წერილში რომელიც რეგიონული განვითარების ფონდიდან მივიღეთ.

მათივე განმარტებით, გზის რეაბილიტაციისთვის 2 მილიონ 644 444 ლარია გამოყოფილი, ხოლო სამუშაოებს შპს „ნიუ როუდი“ ასრულებს. ფონდში აცხადებენ, რომ რეაბილიტაციის შემდეგ გზა მოხრეშილი იქნება, რაც შეეხება მოასფალტებას, ჯერჯერობით არაფერია დაგეგმილი.

ცნობისთვის, 2017 წლის 1 აპრილს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ბუკისციხე – ზემო სურების 17 კმ-იანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ადგილობრივმა ხელისუფლება განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ გზის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს სავალი გზის გაფართოებას, წყალგამტარი მილების, სანიაღვრე არხების და გაბიონების მოწყობას. სამუშაოებზე დასაქმებულია 20 – მდე ადგილობრივი მცხოვრები.

მიმდინარე სამუშაოებს გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა გაეცნენ. კუჭავამ მაშინ აღნიშნა, რომ „ეს იქნება საუკუნის პროექტი ამ ხეობაში მაცხოვრებელთათვის. იქნება გზა და შესაბამისადგაძლიერდება ტურისტული პოტენციალი“.

სურების საინიციატივო ჯგუფის წევრების განცხადებით, თუ ადგილობრივი ხელისუფლებისა და მთავრობის დაპირება, გზის მოასფალტებასთან დაკავშირებით, არ შესრულდება, არ არის გამორიცხული, ადგილობრივმა მაცხოვრებელებმა საპროტესტო აქციებს ისევ მიმართონ.

წყარო: გურიანიუსი