ყვარელში მდებარე ე.წ. სისონაანთ კოშკს ძეგლის სტატუსი მიენიჭა

1084

ყვარელში მდებარე მე-18 ს-ის ე.წ. სისონაანთ კოშკს 2018 წლის 8 მაისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ისონაანთ კოშკი კომპლექსია და იგი შედგება კოშკის, გალავნისა და მარნისგან.

“კოშკი ნაგებია რიყის ქვის რეგულარული წყობით დუღაბზე. თაღების გამოსაყვანად გამოყენებულია აგური. კოშკი კვადრატულია (9.3×9.3 მ). ოთხსართულიანია. სართულშორისი გადახურვა ხის ძელების იყო, რომლის მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი. სართულშუა კავშირი ხის მისადგმელი კიბით ხდებოდა. შესასვლელი პირველ სართულზეა სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილში. კარი გარედან თაღოვანია, შიგნიდან თარაზულად დასრულებული. მის აღმოსავლეთ მხარეს სათოფურია. აღმოსავლეთ კედლის შუაში თაღოვანი ბუხარია, მის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. მათ თავზე ასეთივე ფორმის სათოფური. თითო ნიშია დასავლეთის და ჩრდილოეთის კედლებშიც. მეორე სართულის თითოეულ კედელში ორ-ორი სწორკუთხა ნიშია. სამხრეთის კედლის შუაში დამატებით ფართო სარკმელი, ხოლო აღმოსავლეთ კედლის შუაში თარაზულად დასრულებული კარი, რომელიც ფართო ხის შეკიდულ აივანზე გადიოდა. მესამე სართულის ყველა კედელში ასევე ორ-ორი ნიშაა. აღმოსავლეთ კედლის შუაში კი შიგნიდან სწორკუთხა და გარედან აგურის თაღით დასრულებული კარი, რომელიც ასევე ხის ფართო შეკიდულ აივანზე გადიოდა. მეოთხე სართულის შემორჩენილ კედლებში სათოფურებია დატანებული. ის საბრძოლო უნდა ყოფილიყო. 

კოშკს სამხრეთიდან ქონდა ეზო, რომელიც შემოზღუდულია რიყის ქვის ასევე რეგულარული წყობით ნაგები გალავნით. შემორჩენილია აღოსავლეთის და დასავლეთის კედლების ფრაგმენტები. 

კოშკს დასავლეთის მხრიდან მთელს სიგანეზე ეკვროდა მარანი, რომლის ჩრდილოეთ კედელთან მარნის მთელ სიგრძეზე ჩაშენებული იყო ქვის საწნახელი. საწნახლის ენა შუაში იყო დატანებული, საიდანაც მილით ყურძნის წვენი მიწაში ჩაყრილ ქვევრებში ჩადიოდა. მარნის აღმოსავლეთ კედელში, რომელიც იმავე დროს კოშკის დასავლეთ კედელს წარმოადგენდა, ნიშაა გაკეთებული.

კოშკი საბრძოლო-საცხოვრებელი ნაგებობაა, რომელიც მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში იმ ეპოქამდე უნდა იყოს აგებული, სანამ კახეთში ფართოდ მოიკიდებდა ფეხს მრგვალი კოშკების შენება. კომპლექსს აქვს ძეგლის შემდეგი მახასიათებლები: სიძველე, არქიტექტურული ფორმები და დეტალები: სათოფურები, ბუხარი, შეკიდული აივნები, თაღოვანი კარები, თაღჩები. აღსანიშნავია ქვის საწნახელიც”, – ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.