რატომ კარგავს 7 თვითმმართველი ქალაქი სტატუსს

629

წყარო: გაზეთი “კვირის პალიტრა”

ავტორი: რუსუდან შელია

შვიდი თვითმმართველი ქალაქი სტატუსს კარგავს. რა ცვლილებები იგეგმება კანონმ­დებლობაში, რომელიც 2014 წელს შევიდა­ ძალაში და როგორ პასუხობს ოპოზიციის ბრალდებებსა და 120 არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართვას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე გვესაუბრება:

– არავინ დაობს, რომ 2014 წელს დაწყებული რეფო­რმა იყო წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელმაც შექმნა ძლიერი­ ფუნდამენტი თვითმმართველობის განვითარებისათვის, თუმცა სამწლიანმა პრაქტიკამ­ გამოკვ­ეთა სისტემის დახვეწის აუცილებლობა – დეც­ენტრალიზაცია რჩება მთავრობის პრიორიტეტად დემოკრატიული განვითარებისა და ევროპასთან დაახლოების გზაზე.

– პარლამენტის თავმჯდომარის განცხად­ებით, თვითმმართველობების გასაძლიერებ­ლად­ კონსტიტუციაში გარანტიები გაიწერება,­ თუმცა­ როგორ მოახერხებთ ამას, როდესაც­ შვიდი ქალაქისთვის თვითმმართველი ორგა­ნოს­ სტატუსის გაუქმებას გეგმავთ?

– მუნიც­იპა­ლ­ი­ტეტების ტერიტორიული ოპტიმიზა­ცი­ის შედეგად ჩამოყალიბდება ერთი თვი­თმ­მართველი ერთეული, შერწყმულ მუნიც­იპა­ლიტეტს კი ახლა არსებული ორივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი სრულად დარჩება. დღეს მერისა და გამგებლის ფუნქციებში არანაირი სხვაობა არ არის. ამიტომ უმჯობესი იქნება, ყველა მუნიციპალიტეტის­ აღმასრულებელი ორგანოს არჩეულ ხელმ­ძღვანელს ერთი სახელი ერქვას – მერი, რაც ევროპული და ყველგან მიღებული ტერმინია. მერი გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად აღარ მიიღებს. ყველა მერიაში­ ჩამოყალიბდება აღმასრულებელი კოლეგი­ური ორგანო, რომელიც გააერთიანებს მერის მოადგილეებსა და სამსახურების უფროსებს. გადაწყვეტილების მიღებაში­ ჩართული იქნება ყველა აუცილ­ებელი დარგობრივი რგოლი. ამასთან, კოლეგიური­ ორგანოს მსჯელობა იქნება ღია ყველა დაინტერესებული პირისთვის. ამით გაიზრ­დება პროცესის გამჭვირვალობა­ და პასუხისმგებლობის ხარისხი.

– ეს ხომ არ ნიშნავს, რომ საკრებულოები უფუნქციოდ რჩებიან?

– საკრებულოებს დემოკრატიული კონტროლისთვის ბერკეტები მიეცემათ. მაგა­ლ­ითად, მერი საკრებულოს წარუდგენს­ თავისი მოადგილეებისა და სამსახურის უფროსების კანდიდატურებს და მხოლოდ საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში დანიშ­ნავს მათ. საკრებულოების მეშვეობით მოქალაქეებს ექნებათ მეტი საშუალება­, გავლენა­ მოახდინონ მერიის მუშაობაზე. ყველა დასახლებაში შეიქმნება­ ტერიტორიული ორგ­ანოები და ამ სათათბირო საბჭოებს, გამგ­ებლის უფუნქციო წარმომადგენლის ნაცვლად, ეყოლება ხელმძღვანელი, რომელიც უზრუნველყოფს მოსა­ხლეობის მიერ შერჩეული 10-15-წევრიანი სათათბიროს გადაწყვეტილებების მიტანას მერიამდე. მასვე დაეკისრება ამ გადაწყვეტ­ილებების ადგილზე აღსრულების მონიტორინგის ფუნქცია. საბჭო იმსჯელებს გზებზე, წყალმომარაგებაზე, გამწვანებაზე, ქალაქებში კორპუსების კეთილმოწყობაზე და ა.შ.

გარანტიებს კი, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობდა, ქმნის კონსტიტუციის პროექტის ის ნაწილი, რომლის თანახმადაც, უფლებამოსილების გამიჯვნა ეფუძნება სუბსიდირების პრინციპს და რაც მთავარია, სახელმწიფო იღებს ვალდებ­ულ­ებას, უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის ფინანსური სახსრების შესაბამ­ისობა ორგანული კანონით დადგენილ უფლებამოსილებებთან. კონსტ­იტუციის პროექტში გაწერილია, რომ თვითმმართველ ერთეულს აქვს საკუთარი ქონება, ფინანსები და ის დამოუკიდებლად ადგენს თავის ორგანიზაციულ მოწყობას და იღებს საკადრო გადაწყვეტილებებს.

– 120 ორგანი­ზაციის მიმართვაც გავრცელდა, რომ თვი­თმ­მართველი ქალაქების რაოდენობის შემც­ი­რება უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნის განვითარებისთვის…

– პროცესის ასე ცალმხრივად შეფასება კატეგორიულად მიუღებელია. მით უმეტეს, რომ დღემდე არ მოგვისმენია არსებული ხარვეზების კრიტიკული ანალიზი. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით წლის ბოლომდე მივიღებთ დეცენტრალიზაციის საშუალოვადიან სტრატეგიას.

– როდესაც წინა მოწვევის პარლამენტმა­ “თვი­თმმართველობის შესახებ” კანონი მიიღო,­ მთ­ავარი მოტივი იყო, ამომრჩეველს ჰქონოდა­ შესაძლებლობა მერის ან გამგ­ებლის­ არჩევისა.­ თუ გავითვალისწინ­ებთ, რომ პრეზიდენტიც არაპირდაპირი წესით უნდა ავირჩიოთ, ხომ არ იქმნება შთა­ბ­ეჭდილება­, რომ რეგიონებშიც­ ამომრჩევ­ლი­ს­ ჩართულ­ობა პოლიტიკური მოტ­ივით იზღუდება?

– არჩევითობის წესი უცვლელია, ყველა მუნიციპალიტეტს არჩეული ხელმძღვანელი ეყოლება. რაც შეეხება მოქალაქეთა ჩართულობას, ცვლილებათა პაკეტი მეტ საშუალებას აძლევს მათ, საკუთარი სოფ­ლის (ქალაქის შემთხვევაში, უბნის) საკითხების მოგვარებაში მონაწილეობა მიიღონ.­..

არ შემცირდება არც ერთი შერწყმული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, მენეჯმენტის ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილი ბიუროკრატიული ხარჯები კი ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. მუნიციპალიტეტებში დარეგულირდება ააიპ-ების მექანიზმიც. ეს გულისხმობს ერთ სფეროში მხოლოდ ერთი ორგანიზაციის შექმნის შესაძლებლობას, რაც გაბერილი შტატების შემცირებას და ხარჯების დაზოგვას ნიშნავს.