მაია ცქიტიშვილმა ევროსაბჭოს კონგრესის გენერალურ მდივანს დეცენტრალიზაციის საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდა

895

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მენეჯმენტმა და ევროსაბჭოს კონგრესის გენერალურმა მდივანმა ანდრეას კიფერმა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმებისა და დეცენტრალიზაციის პროცესის სიახლეები განიხილეს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, მაია ცქიტიშვილმა გენერალურ მდივანს ინფორმაცია მიაწოდა ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებისა და დეცენტრალიზაციის კუთხით მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე.

სამინისტროს ცნობით, მინისტრმა ხაზი გაუსვა  თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რეფორმის ფარგლებში, საბაზისო ინფრასტრუქტურის განვითარება რეგიონების, მათ შორის მაღალმთიანი რეგიონების ეკონომიკური სიძლიერისა და მათ შორის არსებული უთანასწორობების აღმოფხვრის კუთხით. მხარეებმა ასევე ისაუბრეს თვითმმართველობების როლის გაძლიერებასა და ადგილობრივ საჯარო მოხელეთა კომპეტენციის ამაღლებისა და ტრენინგის საჭიროებებზე, რაც თავის მხრივ თვითმმართველობის ძლიერ ინსტიტუციად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და უმნიშვნელოვანესია დეცენტრალიზაციის პროცესის წარმატებით განხორციელებისთვის.

სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შეეხო ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა.