სისტემური კრიზისი, ანუ რას ნიშნავს ჩემთვის – „სისტემა უნდა დაინგრეს“

1686

ირაკლი მელაშვილი

კოალიცია ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის

ნაწილი I

ვართ თუ არა სისტემურ კრიზისში? რას ნიშნავს „სისტემა უნდა დაინგრეს“? რატომ გვახსენდება ეს ლოზუნგი მხოლოდ მაშინ, როცა ვინმეს მოკლავენ და სად არის პრობლემის თავი?

არ  ვაპირებ, ვისაუბრო სამართლადამცავი, პროკურატურისა და სასამართლო რეფორმის შესახებ, რომელიც, აგერ მერმადენედ, „წარმატებულად“ გატარდა ჩვენს ქვეყნაში და მუდმივად ერთი და იგივე შედეგით სრულდება – მოსახლეობაში კვლავ რჩება უსამართლო სახელმწიფოს განცდა. პოლიტიკურ ცხოვრებას კი კიდევ ერთხელ, მორიგ ჯერზე აზანზარებს  უსამართლობით გამწარებული შვილმოკლული მშობლის მიერ სამართლის ძიების მიზნით წამოწყებული და აღშფოთებული საზოგადოების მიერ მხარდაჭერილი აქციები. ბუნებრივია, ოპოზიცია სათავისოდ ცდილობს, გამოიყენოს ეს ვითარება, ის ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს თავად იყო ამ უსამართლო სისტემის ერთ-ერთი არქიტექტორი. ამ პრობლემის მოგვარებაზე, უმჯობესია, იმ ხალხმა ისაუბროს, ვისაც ამ კუთხით ჩემზე მეტი ცოდნა და გამოცდილება აქვს. მე მხოლოდ ქვეყნის მართვის იმ ასპექტებს შევეხები, რომელიც მრავალი წლის მანძილზე ჩამოყალიბდა საქართველოში და საბჭოთა ნომენკლატურული  და თანამედროვე დემოკრატიული მმართველობის ფორმების ძალიან მახინჯ ნაზავს წარმოადგენს.

რატომ არ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო ?

სუზერენიტეტ-ვასალიტეტის ფეოდალური სისტემა, თუ სამოქალაქო საზოგადოება?

განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში ინდივიდის თავისუფლება ემყარება ერთ ფუნდამენტურ პრინციპს – თითოეული ადამიანის  უფლებაა, ცხოვრებაში ღირსეული, კანონიერი გზით მიიღოს სარგებელი, მიაღწიოს პირად, კარიერულ თუ ფინანსურ წარმატებას, აკეთოს ის საქმე, რომელიც მას აინტერესებს და საკუთარი შრომით უზრუნველყოს საკუთარი თავი და  ოჯახი ღირესეული ცხოვრების პირობებით. წარმატებულად ითვლება ადამიანი, რომელიც აღწევს ამას. მით უფრო დემოკრატიულად ითვლება ქვეყანა,  რაც უფრო მეტი აქვს მოქალაქეს საშუალება, მთავრობისგან, სათავეში მყოფი პოლიტიკური ძალისგან დამოუკიდებლად, წვდომა ჰქონდეს საკუთარი განვითარებისათვის აუცილებელ რესურსებზე, განათლება იქნება ეს, ქონება, ფულადი რესურსი ბიზნესისთვის, სპორტი, სოციალური სფერო თუ ასე შემდეგ.

დემოკრატიულ სახელმწიფოებში სახელმწიფოს, საჯარო ხელისუფლების გამგებლობაში არსებული  რესურსები – ფინანსები, ბუნებრივი რესურსები, წყალი, ტყე, მიწა, საძოვარი, ბიზნესისა თუ სოფლის მეურნეობის განვითარების, განათლების, კულტურის, ჯანდაცვის, სოციალური დახმარების პროგრამები და ა.შ არის არა ცენტრალური ხელისუფლების ხელში, არამედ გადანაწილებულია ცენტრალურ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეებს შორის. ხელისუფლების დონეებს შორის რესურსების გადანაწილება მოქალაქეს აძლევს საშუალებას, ჰქონდეს არჩევანი, საჯარო ხელისუფლების რომელი დონის (ცენტრალური, რეგიონული, ადგილობრივი) სერვისები, შესაძლებლობები, თუ პროგრამები გამოიყენოს თავისი მიზნების მისაღწევად. მრავალპარტიული დემოკრატია, ხელისუფლების რამდენიმე დონის არსებობა და სახელმწიფო რესურსების გადანაწილება ხელისუფლების დონეებს შორის – მნიშვნელოვანწილად, სწორედ ეს სიტემა უზრუნველყოფს, რომ მოქალაქე თავის საქმეში წარმატების მისაღწევად არ იყოს დამოკიდებული ხელისუფლების სათავეში მოსული რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელთა კეთილგანწყობაზე. ამას ემატება უამრავი ადგილობრივი თუ საერთაშორისო  ფონდი და სტრუქტურა, საიდანაც მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს დამატებითი საშულებები საკუთარი იდეების ხორცშესასხმელად. ამრიგად, განვითარებულ ქვეყნებში წარმატების მიღწევის შესაძლებლობები, აუცილებელ რესურსებთან წვდომის საშუალებები იმდენად არის დივერსიფიცირებული, რომ ადამიანი  ახერხებს, ერთი მხრივ, მიაღწიოს პირად წარმატებას და ამასთან ერთად, შეინარჩუნოს  თავისუფლება, პოლიტიკური სიმპატიები და შეუზღუდავად გამოხატოს საკუთარი  პოზიცია. ასეთ სისტემაში თავად ხელისუფლებასაც აღარ აქვს შესაძლებლობა, ზემოქმედება მოახდინოს  მოქალაქის პოლიტიკურ ნებაზე, რადგანაც ხელისუფლების დონეებს შორის უფლებამოსილებები ისეა გადანაწილებული, რომ ხელისუფლების არც ერთ დონეზე არ არის იმდენი ძალაუფლება კონცენტრირებული, რომლითაც მმართველ პოლიტიკურ ძალას გაუჩნდება მოქალაქეზე პოლიტიკური გავლენის მოხდენის ბერკეტები. მრავალსაფეხურიანი მმართველობითი სისტემის არსებობა თავად ხელისუფლების დონეებს შორის ქმნის კონკურენციას, ვინ უფრო ეფექტიანად განახორციელებს მათ ხელთ არსებული რესურსების მართვას და მოქალაქეებისათვის შესაბამისი სერვისების უფრო ხარისხიანად მიწოდებას. ყველაფერი ეს, ჯამში, მნიშვნელოვნად ზრდის ადამიანების შესაძლებლობას, დემოკრატიული მმართველობის პირობებში, მიიღოს საჯარო ხელისუფლებისგან ეფექტური მომსახურება.

ცენტრალიზებული მმართველობა, როგორც საზოგადოების გაკონტოლების მთავარი მექანიზმი

ახლა  ამ კუთხით შევაფასოთ ქვეყანაში არსებული სისტემა.

 ბიზნესმენი

გლეხი, ფერმერი – როგორია მათი მდგომარეობა

განვაგრძოთ:

მასწავლებელი – დამოკიდებულია განათლების სამინისტროზე;

ლექტორი და სტუდენტი – განათლების სამინისტროს ვაუჩერულ დაფინანსებაზე;

ჯანმრთელობის პრობლემების მქონე, შშმ პირი, პენსიონერი, სოციალურად დაუცველი – საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურ პროგრამებზე, დახმარებებზე და მის სოცმუშაკებზე;

კულტურის მუშაკი, რეჟისორი, მსახიობი, მომღერალი, სპორტსმენი – კულტურის სამინისტროს პროგრამების, ფესტივალების დაფინანსება-დოტაციაზე, სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებსა და პროექტებში მონაწილეობაზე;

ამ სქემებიდან ნათლად ჩანს, რომ, ფაქტობრივად, ნებისმიერი მსხვილი სოციალური ფენის წარმომადგენლის  პროფესიული და პირადი წარმატება, რიგ შემთხვევაში კი ჯანმრთელობა და სიცოცხლე,  მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ცენტრალური მთავრობის თანამდებობის პირის, სამინისტროს ჩინოვნიკის ან/და ცენტარულური ხელისუფლების მიერ შექმნილი და კონტროლირებადი სსიპ-ების, ა(ა)იპ-ებისა თუ სხვადასხვა სტრუქტურების მმართველი ორგანოების (მმართველი პირების) გადაწყვეტილებებზე, ანუ სერიოზულ კეთილგანწყობასა და მხარდაჭერაზე. ამიტომ გვაქვს სახელმწიფო, სადაც, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ნებისმიერი სიკეთის, წარმატების მიღების უპირველესი წყაროა არა მოქალაქის ნიჭი, უნარ-ჩვევები და შესაძლებლობები, არამედ პატრონის, მფარველის (მთავრობის) კეთილგანწყობა. ეს იშვიათი გამონაკლისი კი, როგორც წესი, დაკავშირებულია საერთაშორისო ორგანიზაციებში ან არასამთავრობო სექტორში მუშაობასთან, რომლებიც  მმართველი პარტიის გავლენისგან შედარებით დამოუკიდებელნი არიან.

ბოლო 25 წლის განმავლობაში, თუკი ვინმეს „ძლიერთა ამა ქვეყნისათა“ შავი საქმეების (კორუფცია, ადამიანის უფლებების დარღვევა და ა.შ.) მხილება მომხდარა ჩვენს ქვეყანაში, მათი დიდი უმრავლესობის დღის სინათლეზე გამოტანა სამოქალაქო სექტორმა სწორედ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული (ანუ მთავრობისგან დამოუკიდებელი ფინანსური წაყროებისგან) პროექტებით შეძლო. მარტო ეს სისტემა არღვევს მთავრობის მონოპოლიას, როცა მხოლოდ მისი დახმარების და შესაბამისად, მისი კონტროლის ქვეშაა შესაძლებელი ნებისმიერ სფეროში სერიოზული წარმატების მიღწევა. სწორედ ამას ვერ ჰგუობს ბევრი და ამიტომაა, რომ წლების განმავლობაში, პერიოდულად ტყდება ხოლმე სამთავრობო წრეებთან და ძალოვან სტრუქტურებთან დაახლოებული ორგანიზაციებისა თუ „აქტიური მოქალაქეების“ მხრიდან  „პატრიოტული მოწოდებები“, ლაგამი ამოსდონ არასამთვარობო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების „პარპაშს“ საქართველოში და ამით დაიცავნ მთავრობა და მაღალჩინოსნები მომაბეზრებელი სამოქალაქო კონტროლის ელემენტებისგან.

სისტემა, რომელიც ნაწილობრივ ყალიბდებოდა შევარდნაძის დროს, გამყარდა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, ამა თუ იმ ფორმით დღესაც კვლავ განაგრძობს ფუნქციონირებას. 

ზემოთმოყვანილი სქემებიდან ნათლად ჩანს, რომ ცენტრალური მთავრობა, რომლის ხელშიცაა სახელმწიფოს ფინანსური და ქონებრივი რესურსების დიდი უმრავლესობა, რჩება ნებისმიერი სოციალური ჯგუფისთვის სახელმწიფო სერვისების, ქონებრივი და ფინანსური რესურსების მიწოდების მონოპოლისტად. ამ გზით მთავრობა ცდილობს, შეინარჩუნოს გავლენა, კონტროლი და ბერკეტები ყველა სოციალურ ჯგუფზე. თუმცა,  ვერც ერთმა მთავრობამ  ვერ დაინახა ამ პროცესის თანმდევი მთავარი საფრთხე: როცა სახელმწიფო ცენტრალიზებულად ანაწილებს რესურსებს და სიკეთებს, რაზეც უამრავი ადამიანის კეთილდღეობა და წარმატებაა დამოკიდებული, ამ რესურსების ეფქტურად, სამართლიანად განაწილება შეუძლებელია, რადგანაც ამ სისტემით ადამიანთა მხოლოდ მცირერიცხოვანი, ხელისუფლებასთან დაახლოებული ჯგუფები ხეირობენ. უმრავლესობა კი, რომელიც არ შედის ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირთა წრეში და ვერ ახერხებს ამ სიკეთეებზე წვდომას, საკუთარ წარუმატებლობას ხელისუფლებას აბრალებს.  

ეს სიტემა ხელს უწყობს პერიოდულად ქვეყნის მოქალაქეებში მთავრობისადმი  უკმყოფილებისა და უარყოფითი მუხტის დაგროვებას, რაც გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ისეთ მასშტაბებს აღწევს, რომ ხელისუფლებას მის გასანეიტრალებლად ცენტრალიზებული სისტემის შენარჩუნებით დატოვებული არანაირი ადმინისტრაციული ბერკეტი ან რეპრესიული აპარატი არ ჰყოფნის. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყველა ხელისუფლება ერთი და იგივენაირად ამთავრებს, რაც პირდაპირი შედეგია ილუზიისა, რომ ცენტრალიზებული მართვის სისტემის შენარჩუნებით მთავრობაში მყოფები მოახერხებენ თითოეული ჩვენგანის ნების გაკონტროლებას.

რაშია პრობლემა?

30 წელი გადის საქართველოს დამოუკიდებლობის მიღწევიდან და ამ დროის მანძილზე არც ერთმა ხელისუფალმა არ მოინდომა ამ სისტემის შეცვლა. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ფაქტობრივად, არც ერთი სერიოზული ოპოზიციური ძალის ხელისუფლებასთან ოპონირების დღის წესრიგის პირველ სამეულში დეცენტრალიზაციის საკითხი არ მდგარა და არ დგას.  პარტიათა უდიდეს ნაწილს უბრალოდ არ ესმის, რაზეა საუბარი, ნაწილს კი იმის იმედი აქვს, რომ თვითონ მოვა, თუ მობრუნდება ხელისუფლების სათავეში და  თავად იქცევა სუზერენად, პატრონად, რომლის ხელისშემყურე იქნება მთელი საქართველო.

სუზერენი, სუზერენის ვასალი, ვასალის ვასალი, ცეკას მდივანი, რაიკომის მდივანი, პარტკომი, პრემიერი, გუბერნატორი და მერი ან გამგებელი – ასე მოხდა საქართველოში პატრონყმურ-ვასალიტეტური  მართვის სისტემის რეორგანიზაცია შუა სუკუნეებიდან საბჭოთა პერიოდის გავლით, თანამედროვე საქართველომდე.

მცირე ჯგუფის მიერ ბრძოლის შედეგად მიღებულმა მერების არჩევითობამ ბევრი ვერაფერი შეცვალა, იმიტომ, რომ სუზერენების (იგივე ბოლო ორი  პრემიერის) მათი გარემოცვისა და ძალოვანი უწყებების ძალისხმევის შედეგად, მთელი ფინანსური, ქონებრივი, ბუნებრივი რესურსები ცენტრალური ხელისუფლების ხელში დარჩა, ხოლო არჩეული  პირები იძულებული არიან, პატრონ-ყმულ  წყობაში ამ უკანასკნელის როლი ითამაშონ, იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში, თავადაც მშიერი დარჩება და მისი ამომრჩევლიც, ანუ მოსახლეობა, რომელიც უპერსპექტივობის ჭაობში უფრო და უფრო იძირება. როგორ და რა ბერკეტებით ცდილობს  ხელისუფლება მართვის ამ სისტემის შენარჩუნებას და ამ ყველაფერს რა შედეგები მოაქვს უბრალო მოქალაქისთვის, ამაზე ბლოგის შემდეგ ნაწილში გვექნება საუბარი.