დუშეთის მოსახლეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში აქტიურად ჩაერთვება

1184

დუშეთის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 15 მაისს,  “გახდი გადაწყვეტილების მიმღები ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში” – პროექტის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი – ვაჟა ჩოხელი ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა. დუშეთის მუნციპალიტეტის მიერ 2016 წლის დეკემბერში წარდგენილმა ზემოაღნიშნულმა საპროექტო წინადადებამ, გაიმარჯვა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში “პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის”. პროექტის მიზანია, დუშეთის მუნიციპალიტეტის საქმიანობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა თანამედროვე კომუნიკაციების გზითა და მოქალაქეთა ჩართულობის ამაღლებით.

საპილოტე თემებად შერჩეულია დუშეთის მუნიციპალიტეტის 5 ადმინისტრაციული ერთეული ( ქ. დუშეთი, ჟინვალი, ფასანაური, მჭადიჯვარი და ჭოპორტი), სადაც პროექტის პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია „მოქალაქეთა ჩართულობის კომიტეტების“ შექმნა, რომელთა ძირითად ბირთვს ადგილობრივი მოსახლეობა უნდა წარმოადგენდეს. აღნიშნულ შეხვედრაზე, ისევე როგორც ჟინვალისა და დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან შეხვედრებზე, პროექტზე მომუშავე მობილურმა ჯგუფმა მოსახლეობას დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია პროექტის არსისა და განსახორციელებელი ქმედებების შესახებ, ჩამოყალიბდა „მოქალაქეთა ჩართულობის კომიტეტი’’, რომელიც მომავალში პირდაპირი კომუნიკაციის გზით, ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და სამიზნე ჯგუფებს შორის ინფორმაციის გაცვლას, ფოკუს-ჯგუფების, საინფორმაციო შეხვედრებისა და მრგვალი მაგიდის დებატების ორგანიზებას მოსახლეობასთან და სხვ. შეხვედრას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, აგრეთვე ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე- ბექა ღარიბაშვილი, გამგებლის წარმომადგენლები ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში და პროექტზე მომუშავე მობილური ჯგუფის წევრები.