ბათუმის მერმა მიკროავტობუსის მძღოლებს 1-თვიანი ვადა მისცა

691

წინა სტატია

ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ მიკროავტობუსის მძღოლებს ერთ თვიანი ვადა მისცა. 30 დღეში მძღოლებმა სატრანსპორტო საშუალებები მწყობრში უნდა მოიყვანონ და ქალაქში გრაფიკით იმოძრაონ.  ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

ბათუმის მერიის პოზიცია ის არის, რომ გადამზიდ კომპანიებს არჩევანის სრული თავისუფლება აქვთ. მათზეა დამოკიდებული ხაზების შემცირების შემდეგ, 8 საათიან სამუშაო გრაფიკზე გადავლენ, დღე ჩაგდების პრინციპით იმუშავებენ, თუ რაიმე სხვა ალტერნატიულ საშუალებას გამოძებნიან.

გადაწყვეტილია, რომ ბათუმის ქუჩებში, დღის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით 250 სამარშრუტო ტაქსი იმოძრავებს.

ბათუმის მერი მიკროავტობუსის მძღოლებს 1 ივლისს, დახურულ კარს მიღმა შეხვდა. ლაშა კომახიძის თქმით, გაფიცვის დროს ქალაქში არ იმყოფებოდა.  მერი დარწმუნებულია, რომ პროტესტის დღეს მძღოლებთან საერთო ენას მარტივად გამონახავდა.

”სამწუხაროდ იმ დღეებში არც მე და არც მთავრობის თავმჯდომარე ქალაქში არ ვიმყოფებოდით, ვიყავით მივლინებაში. დაემთხვა მაინც და მაინც ამ დღეს, თორემ დარწმუნებული ვარ საქმე გაფიცვამდე არ მივიდოდა და გაცილებით უფრო სწრაფად ვნახავდით საერთო ენას მძღოლებთან. საქმე კი იყო ძალიან მარტივ რამეში, საქმე იყო ამ ადამიანებისთვის ინფორმაციის არასწორად მიწოდებაში. ცალკეული პირების მჯიღს იცემდნენ გულზე და გვევლინებოდნენ დამცველებად, ამაში იწერდნენ პოლიტიკურ ქულებს. მერიის გადაწყვეტილების არასწორ ინტერპრეტაციას ჰქონდა ადგილი. გავრცელდა ინფორმაცია თითქოს ხაზების 480-დან, 250-მდე შემცირება იწვევდა დასაქმებულების განახევრებას, თითქოს ჩვენ ამ ადამიანებს და მათ ოჯახებს ვტოვებდით ლუკმა პურის გარეშე, ეს არის ყველაზე დიდი ტყუილი”, – თქვა ლაშა კომახიძემ.

ბათუმში მიკროავტობუსის მძღოლები გასულ კვირაში გაიფიცნენ. ისინი გარანტიებს ითხოვენ, რომ ახალი სამარშრუტო მიმართულებების ამოქმედების შემდეგ სამუშაო ადგილები არ განახევრდება.