კალაძე: ყვითელი ავტობუსების გამონაბოლქვი ჰაერის დაბინძურების კუთხით ზღვაში წვეთია

739

თბილისში კონფერენცია “ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მონიტორინგი და შეფასება” გაიმართა. კონფერენციის დასრულების შემდეგ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ყვითელი ავტობუსების გამონაბოლქვი, რომლის ფოტოებსაც სოციალურ ქსელში აზიარებენ, ჰაერის დაბინძურების კუთხით “ეს ზღვაში წვეთია”. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

როგორც კონფერენციაზე აღინიშნა, იმ ავტომობილთა 90%, რომლებიც თბილისში გადაადგილდება, არის მოძველებული და განახლებას საჭიროებს.

დედაქალაქის მერის თქმით, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამონაბოლქვი არის ზღვაში წვეთი, რადგან დედაქალაქში 500 000-მდე ავტომობილი გადაადგილდება და მათი უმრავლესობა არის 10-დან 20 წლამდე.

“ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით დედაქალაქში გვაქვს მწვავე პრობლემა. ამ
მიმართულებით წარმოებული ყველა კვლევა არის კრიტიკული. მგონია, რომ თუ არ განხორციელდება გარკვეული რეფორმები, შეუძლებელია არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება.

სამწუხაროა, რომ საზოგადოების მხრიდან ძირითადად ყვითელი ავტობუსების გამონაბოლქვის ფოტოების გაზიარება ხდება. შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ზღვაში წვეთი იმიტომ, რომ დედაქალაქში გადაადგილდება დაახლოებით 500 000-ზე მეტი ავტომობილი. აქედან საზოგადოებრივი ტრანსპორტის წილი არის დაახლოებით 650 ერთეული ავტობუსი. დანარჩენი ავტომობილების 90% არის 10-დან 20 წლამდე. რომ გადავხედოთ სტატისტიკას, ავტომობილების იმპორტი ყოველწლიურად 7%-ით იზრდება და მათი ძირითადი ნაწილი არის ძველი.

კიდევ ახალი რაღაც შემოიტანეს-კატალოზატორებს იღებენ მანქანებიდან და ცალკე ყიდიან. ანუ, სრული კატასტროფა გვაქვს ამ კუთხით და მგონია, რომ ჩვენ საზოგადოების ჩართულობით შევძლებთ ამ პრობლემის მოგვარებას,”- განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, დედაქალაქის მერია უახლოეს მომავალში სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციას წარადგენს.