ზუგდიდის მერი: ვმუშაობთ, რომ საჯარო ინფორმაცია უფრო სწრაფად გავცეთ

880

ზუგდიდში ადგილობრივი მნიშვნელობის ღია საკითხების საჯარო განხილვა გაიმართა, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო-გამჭვირვალობა საქართველო”, ზუგდიდის მერია და საკრებულოს და მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

მოქალაქეთა ჩართულობის, ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით მუნიციპალიტეტში დანერგილ მექანიზმებზე მოხსენებები გააკეთეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ თოდუამ, ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟიამ და რადიო „ათინათის“ საინფორმაციო სამსახურის რედაქტორმა სოფიო ხუბულავამ.

ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ განაცხადა, რომ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის სიმრავლის გამო მისი გაცემა მცირე ვადებში რთულია, თუმცა ისიც დაეთანხმა მოსაზრებას, რომ მერიამ საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნაზე უფრო სწრაფად უპასუხოს.

„ვმუშაობთ, რომ უფრო ადრულ ვადებში მოხდეს საჯარო ინფორმაციის გაცემა, ადმინისტრაციული სამსახურის განყოფილება ეტევა ვადებში, მაგრამ შეიძლება რომ გაცემის ვადები შევამციროთ“, – განაცხადა ლაშა გოგიამ.

მისივე თქმით, ეფექტური თვითმმართველობის განხორციელებისთვის ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს გაითვალისწინოს არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები.

„რეკომენდაციების უმეტესობა გათვალისწინებული გვაქვს. თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეების ჩართულობის გაზრდის მიზნით, მუნიციპალიტეტში დავნერგეთ ახალი სერვისი -იდეა მერს, რომლის ფარგლებში მოქალაქეებს შეუძლიათ იდეები მოგვაწოდონ, ასევე შევთავაზეთ სტუდენტებს, რომ ერთი დღე გაატარონ მერთან, უახლოესი მომავლიდან კი ვნერგავთ მერიაში ცხელი ხაზის ამოქმედებას, სადაც მოქალაქეებს შეეძლებათ 24 საათის განმავლობაში დარეკონ და შეგვატყობინონ პრობლემები“ – განაცხადა ლაშა გოგიამ.