მაია ცქიტიშვილი: პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის დამაკავშირებელი გზა დროულად უნდა მოწესრიგდეს

667

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, მოადგილეებთან ერთად, დუშეთის მუნიციპალიტეტში როშკა-არხოტის საავტომობილო გზა დაათვალიერა.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის დამაკავშირებელი 28-კილომეტრიანი გზის მშენებლობა 2015 წლის ოქტომბერში დაიწყო.

სამშენებელო ობიექტი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ როშკადან იწყება, გადადის არხოტის უღელტეხილზე და მდ. ასას ხეობის გავლით, სოფელ ამღაში მთავრდება. ამ მონაკვეთზე მხოლოდ საცალფეხო ბილიკი არსებობდა, პროექტის ფარგლებში კი გაიჭრა 6 მ. სიგანის 28 კმ-იანი გრუნტის საავტომობილო გზა, დაგეგმილია ნაპირდამცავი ნაგებობებისა და ხიდების მოწყობა.

რეგიონული განვითარების სამინისტროს ცნობით, მუშაობის პროცესს მკაცრი კლიმატური პირობები ახანგრძლივებს.

,,გაიჭრა სრულიად ახალი გზა, თუმცა ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი, გასაწმენდი და დასასრულებელია გარკვეული მონაკვეთები. ამიტომ ამოვედით აქ, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან ერთად, რომ ოპერატიულად დავგეგმოთ ეს სამუშაოები“, -განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

გზის არარსებობის გამო, წლების განმავლობაში, საზღვრისპირა სოფელი არხოტი მოსახლეობისგან თითქმის დაიცალა და ახლა იქ მხოლოდ 4 ოჯახი ცხოვრობს.