ზაზა გაბუნია: ჩვენი მიზანია ადგილობრივ ხელისუფლებას ჰქონდეს ფინანსური რესურსი უფლებამოსილებების განხორციელებისთვის

581

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას თქმით, საქართველო სულ უფრო მჭიდროდ უკავშირდება ევროპულ გამოცდილებას, მათ შორის თვითმმართველობის საკითხებში. ამის შესახებ კონფერენცია  “საქართველოს დელეგაციები ევროპულ ინსტიტუტებში – სამოქმედო გეგმები“ გახსნაზე განაცხადა.

გაბუნიას თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია საკანონმდებლო პროცესის გაგრძელება.

“აღსანიშნავია კონსტიტუციური გარანტიები – ახალი გარანტიები თვითმმართველობისთვის. ჩვენ მოვახდინეთ ინიცირება და თითქმის ყველა საპარლამენტო ეტაპი გაიარა ევროპული ქარტიის დამატებითმა ოქმმა. ე.წ. უტრეხტის ოქმმა, რომელსაც სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ყველა საპარლამენტო კომიტეტმა და დოკუმენტი გადაიგზავნება მთავრობაში შემდგომი პროცედურებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი როგორც პრაქტიკული, ასევე ღირებულებითი თვალსაზრისითაც. საქართველო ამ ნაბიჯით შეუერთდება კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან ევროპულ დოკუმენტს ადგილობრივი თვითმმართველობის კუთხით. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო სრულად იზიარებს იმ ღირებულებებს, რომელიც არის კონცენტრირებული ამ დოკუმენტში და რაც აერთიანებს ევროპულ სახელმწიფოებს, ჩვენ დავაფუძნეთ სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ინსტიტუციური დიალოგის მუდმივმოქმედი ფორმატი. რაც იყო უპრეცენდენტო სივრცე, ახლა არის ძალიან კარგი პლატფორმა და შესაძლებლობა, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტარები, მინისტრები, გუბერნატორები, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, აკადემიური და სამოქალაქო სფეროს წარმომადგენლები ერთ სივრცეში, თანასწორობის პირობებში ვმსჯელობთ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე არსებულ გამოწვევებზე“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

ღონისძიებაზე, რომელშიც მონაწილეობას ევროსაბჭოს კონგრესის გენერალური მდივანი ანდრეას კიფერი იღებდა, გაბუნიამ აღნიშნა, რომ ყველას აერთიანებს საერთო სურვილი – განვითარების ახალი, უფრო ძლიერი იმპულსები შეემატოს საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობას, როგორც მმართველობის სისტემას. დეპუტატის განცხადებით, ამისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს დელეგაციების როლი ევროპულ ინსტიტუციებში.

გაბუნიამ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა მისი ინიციატივით დაფუძნებულ სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ინსტიტუციური დიალოგის მუდმივმოქმედ ფორმატზე.

“ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან ეფექტური მექანიზმი გრძელვადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში, ერთად გადავწყვიტოთ ეროვნულ დონეზე ის საკითხები, რომელიც დღის წესრიგში დგას“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მისი თქმით, იწყება ფუნდამენტური სამუშაო დეცენტრალიზაციის რეფორმის განხორციელების თვალსაზრისით, რაც ამავდროულად იქნება განვითარების პოლიტიკის მოდელიც და დემოკრატიის პოტენციალის გაზრდის შესაძლებლობაც.

“ჩვენი მიზანია ადგილობრივი ხელისუფლებას ჰქონდეს საჭირო და აუცილებელი უფლებამოსილებები და რაც მთავარია ფინანსური რესურსი ამ უფლებამოსილებების ეფექტურად განსახორციელებლად. ჩვენი მიზანია გავზარდოთ მოქალაქეთა მონაწილეობა და ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, გავაუმჯობესოთ საჯარო სერვისები, აღმოვფხვრად რეგიონული უთანაბრობა, რომელიც დღეს ჩვენი სახელმწიფოს გამოწვევაა, გავზარდოთ პროფესიონალიზმის ხარისხი საკადრო თვალსაზრისით და ა.შ. ჩვენ ვიცით, რა გამოწვევებია და კოორდინაციის მაღალი ხარისხით ვცდილობთ გავუმკლავდეთ ამ ამოცანებს. მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ეს რეფორმები, ეს პოლიტიკა იქნება ეფექტურად განხორციელებული“, – აღნიშნა რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ.

ზაზა გაბუნიას განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების პროცესში დიდია საერთაშორისო პარტნიორების და მეგობრების როლი.

გაბუნიამ ევროსაბჭოს კონგრესის გენერალური მდივანი ანდრეას კიფერი მოიწვია მიმდინარე წლის ნოემბერში დაგეგმილ ღონისძიებაზე, რომელიც მიეძღვნება საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 20 წლისთავს.