საავტომობილო გზების დეპარტამენტი ორგანიზაციებთან შეხვედრას გეგმავს

628

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტექნიკური საბჭოს სხდომის ფარგლებში, დაინტერესებულ ორგანიზაციებთან შეხვედრას გეგმავს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანია საავტომობილო გზების, ხიდების, გვირაბების და სხვა ტექნოლოგიურ პროცესებთან დაკავშირებული ინოვაციური მასალისა და ტექნიკური გადაწყვეტილებების განხილვა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიზანია ინოვაციური მეთოდები დანერგოს გზების მშენებლობა-რეაბილიტაციაში და მზადაა სამშენებლო ორგანიზაციებთან ერთად იმუშაოს ახალ მიდგომებზე, რაც პროექტების ხარიხიანად, სწრაფად და ეფექტიანად შესრულებას უზრუნველყოფს.

ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას შეუძლია, მათ მიერ შემუშავებული ან პრაქტიკაში უკვე გამოყენებული ინოვაციები წარმოადგინოს, დეპარტამენტი კი ახალი მიდგომების გზების, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა-რეაბილიტაციაში გამოყენებას უზრუნველყოფს.

დაინტერესების შემთხვევაში, ორგანიზაციებმა უნდა მიმართონ საავტომობილო გზების დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე: info@georoad.ge (წერილში მითითებული უნდა იყოს კომპანიის სახელი, საკონტაქტო ინფორმაცია და კომპანიის წარმომადგენელი პირის სახელი და გვარი). შეხვედრაში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ პრეზენტაცია არაუმეტეს 10 წუთის ქრონომეტრაჟით.