ტენდერში მონაწილე კომპანიამ ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესყიდვების სააგენტოში უჩივლა

778

კომპანია “გიკო”, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობდა, უწყებას შესყიდვების სააგენტოში უჩივლა.

საქმე ეხება მდინარე სურამულასა და ტილიანას გასწვრივ დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით გამოცხადებულ ტენდერს, რომელშიც კომპანია “ქროსფოინტმა” გაიმარჯვა. კომპანიის მიერ შეთავაზებული სატენდერო ფასი 350 000 ლარია. ტენდერის საწყისი ღირებულება კი 743 000 ლარი იყო. ტენდერში მონაწილე კიდევ ერთმა კომპანია “გიკომ” შემსყიდველი ორგანიზაციის – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო წინააღმდეგ საჩივარი დაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.

საჩივრის მიხედვით, შეუძლებელია “ქროისფოინტმა” გაწმინდოს მდინარის 15 კმ-იანი კალაპოტი, რადგან წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა და დაქირავებული ტექნიკის მონაცემები ამის ვარაუდის შესაძლებლობას არ იძლევა. “ქროსპოინტს”, საიჯარო ხელშეკრულებების მიხედვით, 2 ექსკავატორი და 1 ბულდოზერი ჰყავს.

“ამ რესურსით შეუძლებელია აღნიშნული სამუშაოს მოცულობის შესრულება 90 დღეში, ორივე ექსკავატორმა 90 დღის განმავლობაში 24 საათი რომ იმუშაოს, გამოდის 4320 მანქანა/სთ, ხოლო ექსპერტიზისათვის წარდგენილი რესურსული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, ამ მოცულობის სამუშაოს შესრულებას, 0.5 კბ.მ-იანი ჩამჩის შემთხვევაში, სჭირდება 12 198 მანქანა/საათი”, – აღნიშნავს “გიკოს” წარმომადგენელი.

რაც შეეხება ბულდოზერს, “გიკოს” ინჟინრები აქაც დარღვევას ხედავენ:

“ერთმა ბულდოზერმა 90 დღე/24 საათი რომ იმუშაოს, გამოდის 2160 მანქანა/სთ. ხარჯთაღრიცხვით კი საჭირო ბულდოზერის მუშაობა 3 365 მანქანა/სთ-ია, ყოველივე ეს ადასტურებს, რომ ამ სამუშაოს 2 ექსკავატორითა და 1 ბულდოზერით შესრულება შეუძლებელია”, – აღნიშნავს “გიკოს” წარმომადგენელი.

ტექნიკის დაქირავების ხელშეკრულებების მიხედვით, “ქროსპოინტი” ერთ ექსკავატორზე დღეში 166 ლარი, ხოლო ბულდოზერის საიჯარო თანხა დღეში – 111 ლარია. “გიკოს” წარმომადგენლების თქმით, ეს საბაზრო ფასებთან შესაბამისობაში არ არის, რაც მათი თქმით, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ექსპერტებმა არასაკმარისი დოკუმენტაციის საფუძველზე და არასწორი ფასებით დაადასტურეს ხარჯთაღრიცხვის ფასთა ადეკვატურობა.

“გიკოს” საჩივრის განხილვა შესყიდვების სააგენტოში ჯერ არ დასრულებულა.