ლეიბორისტული პარტია: ქუთაისის მერიასა და მის ა(ა)იპ-ებში ხელფასებს პოლიტიკური ნიშნით უზრდიან

621

ლეიბორისტული პარტიის წევრის ირაკლი კიკვაძის თქმით, ქუთაისის მერიასა და მის ა(ა)იპ-ებში ხელფასებს პოლიტიკური ნიშნით უზრდიან თანამშრომლებს. მისი თქმით, ხელფასები “ქართული ოცნების” წევრებს ან მათთან დაახლოვებულ პირებს გაეზარდათ, რომლებიც ძირითადად ა(ა)იპ-ების ადმინისტრაციებში არიან დასაქმებული,  ქვედა რგოლებს კი, რომლებიც უშუალოდ არიან სამუშაოების შემსრულებელები, ხელფასების ზრდა არ შეხებიათ. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.

ირაკლი კიკვაძემ ამ ინფორმაციის გასამყარებლად, მერიიიდან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, თუმცა 8 ივნისს მიწერილ წერილზე პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

“8 ივნისს მივმართე მერიას, მოეწოდებინა საჯარო ინფორმაცია მერიის დაქვემდებარებაში არსებული ა(ა)იპ-ებისა და შპს-ების საშტატო ნუსხის შესახებ 2017-18 წლების მიხედვით, რათა მქონოდა შედარების საშუალება.  რეორგანიზაციის დროს შერჩევით მოხდა ხელფასების ზრდა და ეს მეტწილად შეეხო “ქართული ოცნების” წევრებს ან მათ ახლობლებს, რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ დამტკიცდა ახალი საშტატო ნუსხა და კიდევ მოხდა ხელფასების მატება, საუბარია 200-დან 600 ლარამდე სახელფასო ზრდაზე. მაქვს ინფორმაცია, რომ კვლავ შერჩევით მოხდა ხელფასების მატება და ანაზღაურება “ქართული ოცნების” ან მათთან დაახლოებულ პირებს გაეზარდათ.  სწორედ ამის გამო ვითხოვდი საჯარო ინფორმაციას, 20 დღე გავიდა და არც შუალედური პასუხი მოუციათ. მოვიკითხე კიდევაც და რეაგირება არ მოახდინეს. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, ამ ინფორმაციას რომ შეგნებულად მალავენ”, – განაცხადა ირაკლი კიკვაძემ.

მისი განმარტებით,  მერია ზოგადი ადმინისტაციული კოდექსის მე-40 მუხლს არღვევს, რის გამოც შესაძლოა, სასამართლოს მიმართოს.

შეგახსენებთ, ირაკლი კიკვაძე ქუთაისის მერიასთან უკვე ჰქონდა ერთი სასამართლო პროცესი, რომელიც მისი გამარჯვვებით დასრულდა.