აფხაზეთში „ჩაის ტურისტული მარშრუტის“ განვითარებას გეგმავენ

1665

აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის მთავრობა ახალი ტურისტული მარშრუტის შექმნას გეგმავს, სადაც ყველა მსურველს შეეძლება ჩაის მოკრეფა და ჩაის ქარხნის დათვალიერება. ე.წ. პრემიერ-მინისტრმა გენადი გაგულიამ შესაბამისი განცხადება რუსეთის ვიცე-პრემიერ ვიტალი მუტკოსთან მოსკოვში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ სააგენტო ТАСС-თან გააკეთა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

„დაგეგმილია ტურიზმის განვითარება სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის ეკოტურიზმის, გასტროტურიზმის და სხვა. ჩვენ ახლა ვმუშაობთ ახალ ტურისტულ ხაზზე. ეკოტურიზმის, ჩაის მიმართულებით. გვინდა ხალხი მოვიყვანოთ ჩაის პლანტაციებში, რომ მათ თავიანთი ხელით მოახერხონ ჩაის დაკრეფა. მათთვის ასევე ხელმისაწვდომი იქნება ქარხნის დათვალიერება და სხვადასხვა სახისს ჩაის დეგუსტაცია“, – განაცხადა გაგულიამ, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია ვადა, თუ როდისთვის იგეგმება ახალი მარშრუტის ამოქმედება.

ამასთან. დეფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ მუტკოსთან შეხვედრაზე ისაუბრეს აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთს შორის სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში ურთიერთთანამშრომლობაზე.