ფოთის საკრებულოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა

724

ფოთის საკრებულოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა. ოპოზიციონერმა წევრებმა დეპუტატებისთვის გამოყოფილი საწვავის ხარჯის ზრდა გააპროტესტეს. როგორც სხდომაზე ითქვა, ტრანსპორტის ხარჯი თვეში 5 ათასი ლარით გაიზარდა. აქამდე ტრანსპორტის ხარჯი ყოველთვიურად 37 000 ლარით იყო განსაზღვრული. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

საკრებულოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე თვეში 600 ლიტრ საწვავს, საკრებულოს წევრები კი, თვეში 70 ლიტრს მოიხმარენ.

„ეს მარტივი საკითხია, უბრალოდ, გაიზარდა საკრებულოს წევრების რაოდენობა, ბიუჯეტში არ იყო ეს გათვალისწინებული და შესაბამისად, მოხდა ცვლილება. კონკრეტული ლიმიტი არ გაზრდილა“, – ასეთი განმარტება გააკეთა საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულიამ.

საკრებულოს ოპოზიციის წევრების განცხადებით, მაშინ როცა ქალაქში ბევრი სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემაა, ხელისუფლება საკუთარ კომფორტზე არ უნდა ზრუნავდეს.

„იმის ნაცვლად, რომ ადამიანებს შეუმსუბუქონ მდგომარეობა, თავიანთ ფუფუნებაზე ფიქრობენ. არაფერს აკეთებენ და რაში ხარჯავენ ამ საწვავს ძალიან მაინტერესებს? ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით უმძიმესი მდგომარეობაა, ქუჩაში ვერ გაივლი, კანალიზაციის მოწესრიგების პროექტი არ არის დაწყებული და პასუხიც არა აქვთ თუ როდის დაიწყება. იმის ნაცვლად, რომ მშიერ-მწყურვალ ადამიანებს შეუმსუბუქონ ყოფა, თავიანთ ფუფუნებაზე ფიქრობენ“, – განუცხადა ჟურნალისტებს საკრებულოს წევრმა ,,ნაციონალურ მოძრაობიდან“ დარეჯან ცხვიტარიამ.