ახალციხის ბიბლიოთეკები ახალი წიგნებისა და ახალგაზრდა მკითხველის გარეშე

1186

სტატია მომზადებულია “სამხრეთის კარიბჭის” მიერ.

ავტორი: ლუბა გიორგაძე

ძველი წიგნები, ნაწილობრივ ცარიელი თაროები და ახალგაზრდა მკითხველის სიმცირე – ახალციხის სოფლების ბიბლიოთეკების უმრავლესობას თანამედროვე ლიტერატურა არ აქვს, ყველაზე აქტიური მკითხველები კი უფროსი თაობის ადამიანები არიან.

57 წლის მაყვალა ჩინჩალაძე საყუნეთის ბიბლიოთეკის ყველაზე აქტიური მკითხველია. წიგნის კითხვა ბავშვობიდან უყვარს და ამისთვის ყოველთვის იცლის. როცა სოფელში ბიბლიოთეკა არ ჰქონდათ, მისთვის საინტერესო წიგნებს მეზობლებისგან თხოულობდა. იზიდავს სათავგადასავლო ჟანრი და ახლაც თაროებზე სწორედ ასეთ წიგნს ეძებს.

„ამ ბიბლიოთეკაში ყველა წიგნი მაქვს წაკითხული. ახლა, ახალი ლიტერატურა არ არის და ისევ ძველს მივუბრუნდი. მაინც კარგია, რომ სოფელს ბიბლიოთეკა აქვს, უფრო კარგი იქნება თუ ახალ წიგნებსაც შემოგვიტანენ. შვილიშვილმაც დამაბარა, რამე თანამედროვე წამომიღეო, მაგრამ რას წავუღებ”.

საყუნეთის, ისევე როგორც ახალციხის კიდევ ექვსი ბიბლიოთეკა ორი წლის წინ გაიხსნა. აქ ადრე არსებული ფონდი აღადგინეს და მკითხველების მიღება დაიწყეს. გახსნის შემდეგ ბიბლიოთეკა რამდენიმე საბავშო წიგნიც შეემატა. ძველი წიგნების ნაწილი სიძველის გამო მაკულატურისთვის გადადეს. ახლა თაროების ნაწილი ცარიელია. თანამედროვე ლიტერატურის არქონასთან ერთად, ბიბლიოთეკარი ახალგაზრდა მკითხველის სიმცირესაც უჩივის.

„ძირითადად 45 წელს ზემოთ მკითხველი გვყვავს, ისიც დღეში სამი ან ოთხი შეიძლება შემოვიდეს. ახალგაზრდებს კითხვა აღარ აინტერესებთ, ინტერნეტზე არიან გადართულები. ახლა ძალიან გვინდა თანამედროვე ლიტერატურა, იმედია, ეს მაინც მოიზიდავს ახალგაზრდებს“, – ამბობს საყუნეთის ახალგაზრდული ცენტრისა და ბიბლიოთეკის მენეჯერი სოფო ბერიძე.

საყუნეთის მსგავსად ფონდის განახლებასა და ახალგაზრდა მკითხველს ელის ზიკილიის ბიბლიოთეკაც. სოფლის უფროსი თაობა აქ ჟურნალებისა და გაზეთების წასაკითხად დადის.

„ორი წლის განმავლობაში, მხოლოდ შვიდი ახალი წიგნი მივიღეთ. ძველი, უკვე ათჯერ გადაკითხული წიგნისთვის აქ აღარავინ შემოვა“,– ამბობს ბიბლიოთეკის სპეციალისტი, თამარ ცუცქირიძე.

„თაროებს ახალი წიგნებით თუ შევავსებთ, ახალგაზრდებსაც მოვიზიდავთ. ამიტომ, იმ წიგნების სიის შედგენას ვაპირებთ, რაც ყველაზე მეტად დააინტერესებს მათ“, – ასე ცდილობს მკითხველის წიგნთან მიყვანას ზემო სხვილისის ბიბლიოთეკის თანამშრომელი, ეკატერინე აღლემაშვილი.

სხვა ბიბლიოთეკების მსგავსად, ახალგაზრდა მკითხველების ნაკლებობას განიცდის ივლიტის ბიბლიოთეკაც, რომელსაც სხვა სოფლებთან შედარებით ერთ–ერთი ყველაზე დიდი ფონდი, 10 010 წიგნი აქვს. ბიბლიოთეკაში, ერთ–ერთი ადგილობრივის თხოვნით, ხუთთაროიანი კარადა მთლიანად ჟურნალებს „ცისკარს“, „საუნჯესა“ და „მნათობს“ უჭირავს.

„ეროვნული ბიბლიოთეკიდან იყვნენ სტუმრები და გაოცებულები დარჩნენ, ეს ჟურნალები ისევ გაქვთო? მკითხველმა გვთხოვა ჩვენც აღარ ჩავაბარეთ. ჟურნალები ბევრჯერ აქვს წაკითხული, მაგრამ მაინც ყოველ დღე მოდის და მიაქვს“,– ამბობს ივლიტის ბიბლიოთეკარი ნანა ასპანიძე.

ახალგაზრდა მკითხველი ჰყავთ, თუმცა ახალი წიგნადი ფონდი სჭირდებათ ურავლისა და მუსხის ბიბლიოთეკებში. აქ ახალი წიგნები ეტაპობრივათ ემატებათ, თუმცა საბავშვო და თანამედროვე ლიტერატურის ნაკლებობაა. ახალციხის სოფლებში თითქმის ყველა ბიბლიოთეკაში, საბავშო ლიტერატურასა და ზღაპრებს, მხოლოდ ერთი თარო, ზოგან კი თაროს ნაწილი უკავია.

ახალციხის სოფლებში, ვალეს ბიბლიოთეკის გარდა, ყველა ბიბლიოთეკა ახალგაზრდული ცენტრების ახალგარემონტებულ შენობებშია განთავსებული. აქ მოწყობილია წიგნსაცავები, მკითხველის ოთახი და კომპიუტერები.

სხვა სოფლების მსგავსად, იღბლიანი ვერ აღმოჩნდა სოფელ წყორძის ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკის შენობა ავარიულია, იატაკი ჩამტვრეულია და ბიბლიოთეკარს გადაადგილება უჭირს. მათ არც კომპიუტერი აქვთ და არც შუქი, – „შენობის ავარიულობის გამო ელექტროგაყვანილობა საშიშია, ამიტომ მრიცხველიდან ყოველთვის გამართული გვაქვს“,–გვეუბნება ბიბლიოთეკის სპეციალისტი, მარინა სუდაძე.

აქ არც ახალი წიგნები აქვთ. თაროების დიდ ნაწილზე კი ისევ მაკულატურისათვის გადარჩეული წიგნები უწყვიათ. მარინა ამბობს, რომ წიგნებისა თუ შენობის მდგომარეობა მათ მკითხველზეც ისახება.

„ახალციხის მუნისიპალიტეტის კულტურის დაწესებულებების გაერთიანების“ დირექტორის გიორგი ჟუჟუნაძის თქმით, წყორძის ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია წელს იგეგემება: „ჩვენ სპეციალურად ახალგაზრდების უფრო აქტიურად ჩართულობის მიზნით, გადავწყვიტეთ, ყველა ბიბლიოთეკა ახალგაზრდულ ცენტრებში გაგვეხსნა. რაც შეეხება წყორძის ბიბლიოთეკას აუცილებლად გავარემონტებთ, ოღონდ ამისთვის კიდევ ცოტა დროა საჭირო”.

ახალციხის სოფლებში სულ ცხრა ბიბლიოთეკაა, აქედან ორი – ვალესა და აწყურის ყველაზე ძველია. დანარჩენი შვიდი ბიბლიოთეკა 2007 წელს გაუქმდა, თუმცა ორი წლის წინ ხელახლა გაიხსნა. როგორც „ახალციხის მუნისიპალიტეტის კულტურის დაწესებულებების გაერთიანების“ დირექტორი, გიორგი ჟუჟუნაძე ამბობს, ბიბლიოთეკარებს უკვე დაევალათ წიგნების სიის შედგენა მკითხველის მოთხოვნის შესაბამისად და ახალი წიგნებს ამ სიების მიხედვით შეიძენენ.

„მაინც ვფიქრობ, რომ ახალგაზრდა მკითხველის ნაკლებობის მიზეზი წიგნები არ არის. უბრალოდ სოფლებში ახალგაზრდები აღარ არიან, ზოგი სტუდენტია და ქალაქში სწავლობს. ზოგან პატარა სოფლებია და ხალხიც ნაკლებია“, – ამბობს გიორგი ჟუჟუნაძე.

სოფლებში ბიბლიოთეკების გახსნა დაგვიანებულად მიაჩნია სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეს, მერაბ ბერიძეს, რომელმაც პრობლემის შესახებ ახალციხის მერის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე ისაუბრა, – „სოფლებში ბიბლიოთეკების მშენებლობა – ეს, დიდი საქმეა, მაგრამ სამწუხაროდ ცოტა გვიანაია. სოფლებში ახალგაზრდები აღარ დარჩა, ეს „უკან მიდევნებული ლამპარივითაა“.

დღეის მდგომარეობით, ახალციხის მუნიციპალიტეტში სულ 12 ბიბლიოთეკაა, აქედან სამი ახალციხეში, ხოლო ცხრა სოფლებში. ბიბლიოთეკების გახსნა იგეგმება კიდევ ორ სოფელში, სვირსა და კლდეში.