თბილისის მერია ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის საინვესტიციო პროექტების პრეზენტაციას გამართავს

801

გუშინ გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ დღეს თბილისის მერია ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის საინვესტიციო პროექტების პრეზენტაციას გამართავს.

„მერიის ორგანიზებით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ ჩვენ მიერ ინიცირებული საინვესტიციო პროექტების პრეზენტაცია გაიმართება, სადაც მოწვეულები არიან ბიზნესის წარმომადგენლები. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ახლაც მინდა გავიმეორო, რომ ქალაქში ბიზნესაქტივობა უნდა გაიზარდოს, ეკონომიკა განვითარდეს და ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტის და ბიზნესის მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.

პრეზენტაციაზე ბიზნესის ყველა წარმომადგენელი გვინდა მოვიწვიოთ და მათ დეტალურ ინფორმაციას წარვუდგენთ ყველა მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების შესახებ, რათა მათ სრული ინფორმაცია ჰქონდეთ, თუ რა ბიზნესაქტივობებს სთავაზობს მერია კერძო სექტორს და მივცეთ მათ ამ პროექტებში კონკურენტულ საწყისებზე მონაწილეობის შესაძლებლობა. ეს არის სამშენებლო პროექტები, მიწისქვეშა პარკინგების პროექტები, რადიოქალაქის, ქალაქის გარეგანათების პროექტი და ა.შ.

ჩვენ ვმუშაობთ და ყოველთვის ვიზრუნებთ იმაზე, რომ ბიზნესსა და მუნიციპალიტეტს შორის ჯანსაღი და კონკურენტული ურთიერთობის მაღალი სტანდარტი არსებობდეს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.