ბორჯომის ა(ა)იპ–ებში შტატების რაოდენობა იზრდება

659

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მიღებული დადგენილების მიხედვით წყლის, კეთილმოწყობისა და გამწვანების ა(ა)იპ–ებს შტატები ემატება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სამ ა(ა)იპ–ს ოთხი შტატი ემატება. ამის შესახებ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს 27 ივნისს გამართულ სხდომაზე იმსჯელა.

ა(ა)იპ „ბორჯომის დასუფთავებას და კეთილმოწყობას“ ტაბაწყურისა და მოლითის ტერიტორიიდან ნარჩენების გატანისთვის ერთი შტატი დაემატა და ამისთვის ბიუჯეტიდან დაფინანსება 3 750 ლარით გაიზარდა. ამავე ა(ა)იპ–ში ნაგავმზიდის მძღოლებსა და მტვირთავ მუშებს ხელფასები მოემატათ, რისთვისაც ჯამში 18 375 ლარი გაიწერა.

ორი შტატი დაემატა ა(ა)იპ „ბორჯომის გამწვანებასაც“. ახალი შტატების სახელფასო ანაზღაურებისთვის ბიუჯეტიდან 5 760 ლარით გამოიყო.

„ქალაქში, რომ პოსტსაბჭოთა მიხაკები და მსგავსი ყვავილებია დარგული, დრო დადგა, რომ თანამედროვე ყვავილებით ჩავანაცვლოთ. ამ საკითხს უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს და ქალაქი მეტად უნდა გამწვანდეს. ამისთვის თანამშრომლების დამატება იყო საჭირო“, – განმარტავს ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი.

ერთი შტატი დაემატა ბორჯომში ა(ა)იპ „სოფლის წყალს“ და ამის გამო მისი ბიუჯეტი 4 500 ლარით გაიზარდა.

„ძალიან ბევრი პრობლემაა სოფლის წყლებში და ამას მეტი ადამიანური რესურსი სჭირდება“, – ამბობენ ბორჯომის საკრებულოში.