პრემიერი: ზუგდიდში ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზს ავაშენებთ

597

შემდეგი სტატია

ზუგდიდში ძველი პარკის ტერიტორიაზე ახალი სპორტული კომპლექსი აშენდება, ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზით. ამის შესახებ ზუგდიდში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მისი თქმით, მთავრობის პრიორიტეტი განათლებაა, რომელიც კულტურის და სპორტის კომპონენტსაც მოიცავს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

„ეს სამი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც საშუალებას მოგვცემს საქართველოში შევქმნათ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანური კაპიტალი“, – აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერის ამ განცხადებამდე ერთი თვით ადრე ზუგდიდში ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის მშენებლობის სურვილი გამოთქვა რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა და პუტინთან დაახლოებულმა მიხეილ ხუბუტიამ, რომელიც პირველი საჯარო სკოლის 150 წლის იუბილეს ესწრებოდა. მისი თქმით, როგორც კი ხელისუფლება გამოყოფს ტერიტორიას ხუბულავას ქუჩაზე, ის ერთ წელიწადში ამ აუზს ააშენებს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა „ლაივპრესთან“ უარყვეს მიხეილ ხუბუტიასთან რაიმე სახის მოლაპარაკება ამ საკითხზე.