NDI გორში ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე საჯარო განხილვას გამართავს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) 29 ივნისს, 10:30 საათზე, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (მის: სტალინის ქ. #7) საჯარო განხილვას გამართავს, რომელსაც მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირები, არასამთავრობო სექტორი და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

შეხვედრა ფოკუსირებული იქნება გორის მუნიციპალიტეტში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვასა და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გამოკვეთაზე.

შეხვედრის პირველ ნაწილში მომხსენებლები კონსტანტინე თავზარაშვილი, გორის მერი, დავით რაზმაძე, გორის საკრებულოს თავმჯდომარე, ქეთი ბებიაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი და ლელა ლობჟანიძე, ტელე-რადიო კომპანია ,,თრიალეთის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გორის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა ჩართულობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით დანერგილ მექანიზმებზე ისაუბრებენ.

პანელის მოდერატორი NDI-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი, ლაშა გოგიძე იქნება.

შეხვედრის მეორე ნაწილი დამსწრე საზოგადოების მონაწილეობით ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გამოკვეთასა და განხილვას დაეთმობა. აღნიშნულ საკითხებზე არასამთავრობო ორგანზიაციები ფოკუს ჯგუფის კვლევას ჩაატარებენ.

“NDI ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში პირველად მართავს ერთიან შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით, სადაც დაინტერესებულ მხარეებს მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გამოკვეთისა და შემდგომ მათზე მუშაობის საშუალება ეძლევათ.

აღნიშნული პროგრამის მიზანია მხარეთა ანგარიშვალდებულებისა და ჩართულობის გაზრდა, რაც ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გაძლიერებასა და პარტნიორებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას გულისხმობს.

აღნიშნულ ღონისძიებას NDI ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს, რომელიც დაფინანსებულია ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის (NED) მიერ.

მსგავსი სიახლეები