ლილე ლიპარტელიანი: რუსთავის მაგისტრალის მშენებლობის გამო დაზარალებულია ასობით ოჯახი

747

თბილისის საკრებულოს ოპოზიცია დედაქალაქის მერიისგან რუსთავის მაგისტრალის მშენებლობის გამო, მუნიციპალურ ფონდსა და დაზარალებულ მოსახლეობას შორის ადვოკატირებას ითხოვს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

როგორც საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლილე ლიპარტელიანმა დედაქალაქის მერიაში ჟურნალისტებს განუცხადა, მაგისტრალის მშენებლობით ასეულობით ოჯახია დაზარალებული.

“რუსთავის გზის მაგისტრალის მშენებლობის გამო დაზარალებულია ასობით ოჯახი, ის ქმედება, რასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ამ ადამიანების მიმართ ახორციელებს, არ ჯდება კანონმდებლობის არც ერთ ნორმაში. სწორედ ამ საკითხს დავაყენებთ მთავრობის სხდომაზე”,- განაცხადა ლიპარტელიანმა.

მისივე თქმით, “ამ ადამიანებს რთულ და შეუსაბამო პირობებში უწევთ ცხოვრება და კომპენსაცია, რომელიც 1 კვადრატულ მეტრზე 649 ლარს შეადგენს და არის ძალიან ცოტა”. ლიპარტელიანის თქმით, ეს არის როგორც სასოფლო სამეურნეო მიწის, ასევე საცხოვრებელი ფართის და დამხმარე მეურნეობების თანხა.

“ამ თანხით იგივე ფართს კი არა, მასზე ბევრად ნაკლებსაც ვერ შეიძენენ. სამთავრობო სხდომაზე სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით მერიას მოვუწოდებთ, რომ ადვოკატირება გაუწიონ მუნიციპალური განვითარების ფონდთან დაზარალებულ მოსახლეობას”,- განაცხადა ლიპარტელიანმა.