კახა კალაძე: რეაბილიტირებულ ადგილებში კონდენციონერებით და გამათბობლებით იერსახე ზიანდება

1081

თბილისის მერმა კახა კალაძემ რეაბილიტირებული ძველი თბილისის მცხოვრებლებს მიმართა და განაცხადა, რომ დემონტაჟი გაუკეთონ მოსახლეობის მიერ თვითნებურად დამონტაჟებულ საყოფაცხოვრებო ტექნიკას (კონდიცირებისა და გათბობის სისტემის მილებს), რომელიც ძველი თბილისის იერსახეს ამახინჯებს.

თბილისის მერის თქმით, 2016 წელს თბილისის მერიის დაფინანსებით აღმაშენებლის გამზირის ნაწილს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რისთვისაც 30 მილიონ ლარამდე დაიხარჯა, ასევე მიმდინარეობს გუდიაშვილისა და ორბელიანის მოედნების სრული რეაბილიტაცია-აღდგენა, რომლის ღირებულებაც 110 მილიონი ლარია.

“ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ჩვენი ქალაქის რეაბილიტირებულ ადგილებში ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა იერსახის და ფასადების დაზიანება კონდენციონერებით, გამათბობლებით და სხვა საყოფაცხოვრებო საჭიროებით. ვიმეორებ, 30 მილიონი ლარი დაიხარჯა აღმაშენებლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის. ჩვენ თვითონ ვაზიანებთ იმას, რასაც ვაკეთებთ. ასეთი ფაქტები არის უამრავი და ძალიან სამწუხაროა. სკვერებში არის ვანდალიზმის ფაქტები, რაც ძალიან მძიმეა. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ მოვუაროთ, აღვადგინოთ და შევინარჩუნოთ და შემდეგ ისევ ჩვენ თვითონ ვაზიანებთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერის განცხადებით, საყოფაცხოვრებო პირობებისთვის საჭიროა სხვადასხვა ინფრასტრუქტურა ფასადების დაზიანების ხარჯზე არ უნდა მოეწყოს.

კალაძემ თბილისის ზედამხედველობის სამსახურს დაავალა დააფიქსიროს ფასადის დაზიანების ფაქტები და გონივრული ვადა მიეცეთ მფლობელებს მდგომარეობის გამოსასწორებლად.

თბილისის მერმა ასევე თქვა, რომ შემდეგ წლებში დედაქალაქის რეაბილიტაციისთვის დამატებით 500 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.