ასპინძაში სოფლების უმრავლესობა რწყვის სეზონს წვიმის იმედად ხვდება

236

ასპინძაში რწყვის სეზონს ორი სატუმბი სადგური და თვითდინების რამდენიმე არხი ემსახურება, სოფლების უმეტესი ნაწილი კი სარწყავი წყლის გარეშეა დარჩენილი. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ასპინძის მუნიციპალიტეტის 22 სოფლიდან სატუმბი სადგურები დაბა ასპინძასა და სოფელ რუსთავშია. თითო სადგური 100 ჰექტარ მიწას რწყავს და წყლით მხოლოდ ამ ორი დასახლების მცხოვრებლებს შეუძლიათ სარგებლობა.

სოფლებს ნიჯგორს, ხიზაბავრას, ტოლოშის რამდენიმე ოჯახს, ასევე დაბა ასპინძის ნაწილს ემსახურება თვითდინების არხები, რომლებიც სათავეს მდინარე მტკვრიდან, ან ჩამომდინარე არხებიდან იღებს.

ასპინძის დანარჩენ სოფლებში არც სარწყავი წყალია და არც სისტემა არსებობს.

„იმ სოფლებში, სადაც მდინარესთან ახლოს არიან, თვითდინებით მიჰყავთ წყალი, დანარჩენი სარწყავი სისტემის გარეშეა“, – გვეუბნება ასპინძის „მელიორაციის ცენტრის“ დირექტორი მერაბ ნარიმანიძე.

წვიმის იმედადაა ასპინძის სოფელი ივერია. სოფლის მცხოვრები, ნუგზარ იაკობიძე იხსენებს, რომ 90–ანი წლების შემდეგ სოფელში სარწყავი წყალი არ უნახავთ: „ძველი სისტემაა, კომუნისტების დროინდელი. მაგის აღმდგენი არავინაა“.

უწყლობის გამო ივერიის 70–მდე ოჯახმა ნათესების რაოდენობა შეამცირა და ახლა თოთოეულის ნაკვეთი დაახლოებით 50 მეასედს შეადგენს.

„რა აზრი აქვს მეტის დათესვას, მერე უფრო დიდ ზარალს მივიღებთ. უმეტესობას ნათესები მხოლოდ ეზოში აქვს, სამელი წყლით ახერხებენ მორწყვას და იოლია“, – გვეუბნება დილარი აბაშიძე.

ივერიის მსგავსად, 90–ანი წლების შემდეგ არ ჰქონია სარწყავი სისტემა და წყლის რესურსი სოფელ საროს მოსახლეობას. ადგილობრივებს ძირითადად კარტოფილს მოჰყავთ, თუმცა უწყლობის გამო, კარგი მოსავლის მისაღებად, იძულებული არიან მეტი სასუქი შეიტანონ, სასუქი კი ძვირია.

„სხვა გზა არ გვაქვს, მოსავალი ხომ უნდა ავიღოთ. სარწყავ წყალს ყოველ წელს გვპირდებიან, მაგრამ წელსაც ასე ვართ“,– ამბობს საროს მცხოვრები ელისო ნადირაძე.

„საქართველოს მელიორაციამ“ სოფელ საროს ძველი სატუმბი სადგურის აღდგენა შარშან დაიწყო. სატუმბი 2018 წელს ექსპლუატაციაში უნდა შესულიყო, თუმცა ტენდერში გამარჯვებულმა აზერბაიჯანულ კომპანიამ, რომელსაც შეკვეთის არაჯეროვნად შესრულების გამო „მელიორაციამ“ მაღალი ჯარიმა დააკისრა, ქვეყანა ისე დატოვა, რომ არც სატუმბი სადგურის რეაბილიტაცია დაასრულა და არც სამუშაოებზე დასაქმებულებს გადაუხადა ხელფასი.

„საქართველოს მელიორაციაში“ „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, რომ სამუშაოები დაახლოებით ერთი თვის წინ, ახალი ტენდერის გამოცხადების გარეშე, საკუთარი ძალებით განაახლეს, თუმცა სატუმბი სადგურის ექსპლუატაციაში შესვლა რწყვის ამ სეზონზე ვეღარ მოესწრება.

ასპინძის “მელიორაციის ცენტრის“ ბალანსზე ორი სატუმბი სადგურია. დირექტორი, მერაბ ნარიმანიძე ამბობს, რომ ცენტრის წლევანდელი ბიუჯეტი 140 000 ლარია, თუმცა, სადგურებისა და არხების აღდგენა–რეაბილიტაციას მხოლოდ 36 000 ლარი ხმარდება, დანარჩენი კი თანამშრომლების ხელფასებსა და კომუნალურ გადასახადებში იხარჯება.