მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალი სტრუქტურა წარადგინა

769

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალ სტრუქტურა წარადგინა. საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციების შედეგად საბოლოოდ შეთანხმდა, რომ მინისტრთა კაბინეტი 11 წევრით განისაზღვრება. მამუკა ბახტაძის განცხადებით, იქნება 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

კერძოდ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება და მისი ფუნქციები გადანაწილდება სამ სხვადასხვა უწყებაზე: დევნილთათვის განსახლების ფუნქცია რეგიონული განვითარების სამინისტროს შეერწყმება, მიგრაციის კომპონენტს შინაგან საქმეთა სამინისტრო შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკა გადაეცემა ჯანდაცვის სამინისტროს. ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი გადავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლების სამინისტროს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შეერწყმება იუსტიციის სამინისტროს.

გარდა ამისა, რელიგიის სააგენტო შეერწყმება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს.

მომავალი მთავრობის წევრები დღევანდელ პრესკონფერენციაზე ბახტაძეს არ დაუსახელებია.