გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ თვითმმართველობის კომიტეტს ანგარიში წარუდგინა

1243

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის 2018 წლის გეგმის შესაბამისად, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ანგარიში მოისმინეს მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის წყლით უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ.

კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ ორგანიზაციის ხედვა და ძირითადი პრიორიტეტები გააცნო დეპუტატებს.

მისი ინფორმაციით, კომპანიის 100%-იან წილს ფლობს სახელმწიფო, ხოლო დამფუძნებელი პარტნიორია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. კომპანიის დაფარვის არეალია 57 ქალაქი და 315 სოფელი და იგი 332 აბონენტს ემსახურება.

„დაფარვის არეალი, დღეის მდგომარეობით, მხოლოდ 35%-ია, კომპანია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, გამწმენდ ნაგებობებს აშენებს“, – განაცხადა ეკატერინე გალდავამ. მისი თქმით, იმისათვის, რომ მოსახლეობას ხარისხიანი წყალი ჰქონდეს, კომპანია აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორიებით.

მომხსენებელმა ისაუბრა ფინანსური მონაცემების შესახებ. მისი განცხადებით, 2017 წელი იყო პირველი წელი, როცა კომპანიამ საოპერაციო ხარჯები სუფსიდიით არ დააფინანსა და მისივე თქმით, ამასვე აპირებს 2018 წელსაც. ეკატერინე გალდავამ ანგარიშში ყურადღება გაამახვილა კაპიტალურ ხარჯებსა და დონორ ორგანიზაციებზე. მან წარმოადგინა ინფორმაცია როგორც გაწეულ სამუშაოებზე, ასევე დაგეგმილ ღონისძიებებსა და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც კომპანია დგას.

კომპანიის დირექტორმა დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას შეფასებით, ანგარიში სრულ ინფორმაციას მოიცავს გამოწვევების ობიექტური და სუბიექტური გარემოებებისა და მიზეზების შესახებ და მათი დაძლევის რესურსისა და შესაძლებლობის შესახებ.

„ჩვენი ამოცანა არის სასმელი წყალი ყველა ოჯახში და ყველა ონკანში. შესაბამისად, გამოწვევა დიდი გაქვთ და სირთულეების შესახებაც თქვენგან მოვისმინეთ, თუმცა ამ პროცესში თქვენ უნდა გქონდეთ პარლამენტის მხარდაჭეერის იმედი“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ. მისი თქმით, 586 მლნ ლარი იქნა 2013-2018 წლების განმავლობაში წყალმომარაგების პრობლემის დასაძლევად გამოყოფილი.

„დაწყებულია, დასრულებულია და მიმდინარეობს ბევრი მსხვილი და მნიშვნელოვანი პროექტი. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკა იყოს ძალიან ეფექტური, გასაგები ზუსტად მორგებული სირთულეებზე“, – აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.

დღესვე დეპუტატებმა მოისმინეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიში რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის სოციალური დაცვისა და დასაქმების შესახებ. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ კომიტეტს იმ პროგრაემის შესახებ მოახსენა, რომელიზეც სამინისტრო მუშაობს. მან ისაუბრა მიზნობრივი სოციალური დახმარების, როგორც საქართველოს რეგიონებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროგრამის თაობაზე, რომელიც სტატისტიკურ მოდელზე დამყარებული ახალი სახის, ყველაზე წარმატებული სოციალური დახმარებაა.

„2018 წლის მაისის მდგომარეობით, სულ მიმღებია 449886 პირი, მათ შორის, 33% ბავშვი და 18,8% 60 წელს გადაცილებული ადამიანები“, – განაცხადა თამარ ბარკალაიამ. მან ისაუბრა სარეიტინგო ქულის მინიჭების პრინციპსა და მასზე მოქმედ ფაქტორებზე, კომუნალური გადასახადების შესახებ და იმ ცვლილებებზე, რომელიც პროგრამაში უახლოეს პერიოდში განხორციელდა, ასევე, წარმოადგინა ინფორმაცია სოციალური პაკეტის და პენსიის 20%-იანი დანამატის მიმღებთა რაოდენობის შესახებ რეგიონების ჭრილში. თამარ ბარკალაიამ ყურადღება გაამახვილა დემოგრაფიული ხელშეწყობის პროგრამების თაობაზე, რომელიც რეგიონებში ხორციელდება. „მესამე და მომდევნო ბავშვზე რეგიონულ ჭრილში დახმარებას იღებს 7097 ადამიანი. ამის გაცემა ხდება იქ, სადაც დემოგრაფიული კლება არის დაფიქსირებული“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, რომ არა სოციალური შემწეობის პროგრამა, დღეს 2-ჯერ მეტი ბავშვი იქნებოდა ღარიბი.

„თუნდაც იმიტომ არის ეს პროგრამა გამართლებული, რომ უღარიბესი ფენის 60%-ზე მეტს მოიცავს“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ სოციალური შემწეობის პროგრამაზე საუბრის დროს.

მას მოკლევადიან პერსპექტივაში მიაჩნია, რომ აუცილებელია უსაფრთხოების მექანიზმის სახით ადგილობრივი თვითმმართველობები ჩაერთონ ამ პროცესში.

„არა ისე, როგორც ადრე იყო, როცა პირებს სუბიექტურად უწერდნენ რეკომენდაციას, არამედ 5-დან 10%-მდე ბუფერი გადავცეთ ადგილობრივ ხელისუფლებას და ფისკალური პასუხისმგებლობაც მივცეთ“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მინისტრის მოადგილემ დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

ზაზა გაბუნიას განცხადებით, აღნიშნული საკითხების მიმართ გუნდს ფუნდამენტური მიდგომა ექნება.

„მუშავდება დეცენტრალიზაციის სტრატეგია, რომელშიც ამ მიმართულებას აუცილებლად ექნება თავის ადგილი. ამ თემებზე საკმაოდ ფართო დისკუსია მოგვიწევს არა მარტო საკანონმდებლო, არამედ აღმასრულებელ ხელისუფლებას და თვითმმართველობებს“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომიტეტმა ცნობად მიიღო დღევანდელ სხდომაზე განხილული ანგარიშები.