ბოტანიკურ ბაღში ინფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს

853

თბილისის მერიის დაფინანსებით, ბოტანიკურ ბაღში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, დაწყებულია ბოტანიკური ბაღის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სკვერის რეკონსტრუქცია და ახალი ადაპტირებული საპირფარეშოს მოწყობა, რომელთა ღირებულება ჯამში 179 600 ლარია. პროექტები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება.

თბილისის მერიის ინფორმაციის თანახმად, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ბოტანიკურ ბაღში სამუშაოები აქტიურ რეჟიმში, რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება. ბაღში ასევე, მოეწყობა ველობილიკები, რასაც ფონდი „ქართუ“ სრულად აფინანსებს.

„ბოტანიკურ ბაღში სხვადასხვა ტიპის სამუშაოებს ვაწარმოებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლაბორატორია, რომელიც ბაღის ცენტრში მდებარეობს, შემოსასვლელში გადმოვიტანოთ, რათა ბაღის ტერიტორიაზე ავტომანქანების შესვლა აიკრძალოს. გარდა ამისა, ბოტანიკური ბაღის მოვლა-პატრონობასა და მოწესრიგებაში ფონდი „ქართუ“ გვეხმარება. დაიწყება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, რომელიც მთლიანად წავკისის ხეობას გაჰყვება. ეს არის საფეხმავლო და ველობილიკები, რომელიც ბაღში ვიზიტორების რაოდენობას კიდევ უფრო მეტად გაზრდის. მინდა, მოვუწოდო ყველას, ჩვენს თანამოქალაქეებს, მოვიდეს და ნახოს ეს სილამაზე. ვფიქრობ, რომ ყველა კმაყოფილი დარჩება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ადგილი ერთ-ერთი საუკეთესო იყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ორი კვირის ვადაში, ბოტანიკური ბაღის ცენტრალურ ტურისტულ მარშრუტზე დეკორატიული მოაჯირებისა და მდინარის ხეობის საყრდენი კედლის მოწყობა დასრულდება, რომლის ღირებულება 87 000 ლარს შეადგენს. ასევე, ორ კვირაში დასრულდება სოლოლაკის ხეივნისა და ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის დამაკავშირებელი კიბეების მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი, რომლისთვისაც 29 500 ლარია გამოყოფილი.

თბილისის მერიის ცნობით, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ ერთ-ერთი ცენტრალური მარშრუტისა და აზერბაიჯანელ მოღვაწეთა პანთეონს შორის დამაკავშირებელი გზის საფარის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ორი კვირის ვადაში ბოტანიკური ბაღის ახალი ადმინისტრაციული და ლაბორატორიული კორპუსის ესკიზისა და შესაბამისი პროექტის შესყიდვის მიზნით კონკურსი, ხოლო ერთი თვის ვადაში, საერთაშორისო ბოტანიკური ბაღის ლანდშაფტური განვითარების გენერალური გეგმის შექმნის მიზნით ტენდერი გამოცხადდება, რომელიც ბაღის ინფრასტრუქტურის, დეკორატიული უბნებისა და მცენარეთა კოლექციების განვითარების უზრუნველსაყოფად, გრძელვადიანი სამოქმედო, კონცეპტუალური გეგმა იქნება.