ზღვის უბანში ჩარგლისა და ანაპის ქუჩების კვეთაზე ახალი სკვერი მოეწყობა

608

ზღვის უბანში (თემქა), ანაპის 414-ე დივიზიის ქ. N16-ის მიმდებარედ, კერძო სამშენებლო კომპანია ახალ სკვერს მოაწყობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორია თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია.

პროექტის განსახორციელებლად, ნაძალადევის რაიონის გამგეობასა და სამშენებლო კომპანია „რივას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა.

„თბილისის მთავრობის ძირითადი პრიორიტეტი მწვანე სივრცეების მოწყობა და ამ მხრივ, ქალაქში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ამ პროცესში მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა. ერთ-ერთი კომპანია, რომელიც ზღვის უბანში, ანაპისა და ჩარგლის ქუჩების კვეთაზე საცხოვრებელ კორპუსებს აშენებს, მზადაა, დაახლოებით 200 000 ლარამდე დამატებითი ინვესტიცია განახორციელოს და ნაძალადევის რაიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დასასვენებლი სივრცე მოაწყოს. იმედი მაქვს, ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება და მსგავს ინიციატივებს სხვა სამშენებლო კომპანიებიც გამოიჩენენ“, – განაცხადა ნაძალადევი რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ.

“პროექტის ფარგლებში, 3 200 კვ.მ ფართობზე ატრაქციონები, სკამები, მწვანე ნარგავები და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყობა”,- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.