ახალციხის მერიაში საპატიო მოქალაქეობის კანდიდატების წარსადგენად განაცხადების შეტანა დაიწყო

876

25 ივნისიდან 27 ივნისამდე, ახალციხის მერიაში უფლებამოსილ პირებს საპატიო მოქალაქეობის კანდიდატების წარსადგენად განაცხადების შეტანა შეუძლიათ. მერიამ საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ წესი დღეს გამოაქვეყნა. ამის შესახებ “სამხრეთის კარიბჭე” წერს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესის მიხედვით, საპატიო მოქალაქის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ:

მუნიციპალიტეტის მერს, საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს, მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლე 1%–ის ხელმოწერით, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებრივ დარბაზს.

საპატიო მოქალაქეობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

განსაკუთრებული დამსახურება უნდა ჰქონდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ან საქართველოს წინაშე;

მნიშვნელოვანი წვლილი უნდა ჰქონდეს შეტანილი ახალციხის მუნიციპალიტეტის ან საქართველოს განვიტარების საქმეში;

მნიშვნელოვანი წვლილი უნდა ჰქონდეს შეტანილი ახალციხის მუნიციპალიტეტის მეგობრული კავშირების განმტკიცებაში.

უფლებამოსილი პირების მიერ განაცხადების შეტანის შემდეგ, სპეციალურად შექმნილი 11 –კაციანი კომისია, წარდგენილი კანდიდატურების განხილვას დაიწყებს და წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით გადაწყვეტილებას კენჭისყრით მიიღებს. ერთი კვირის ვადაში კი მიღებულ გადაწყვეტილებას საკრებულოს აცნობებს.

შერჩეულ სამ საპატიო მოქალაქეს საზეიმო ვითარებაში 30 ივნისს „ახალციხელობის“ დღესასწაულზე დაასახელებენ.
შეგახსენებთ, რომ 2017 წელს სამი საპატიო მოქალაქე აირჩიეს. ეს სტატუსი ცისანა ახვლედიანმა, ზიგმუნდ ზილბერშტეინმა და დევიდ ფოლკნერმა მიიღეს. ახალციხეს ამ ეტაპზე 16 საპატიო მოქალაქე ჰყავს.