ვარკეთილის მეტროში ჩამონგრევის საქმეზე ბრალდებულებს გირაო შეეფარდათ

841

წინა სტატია

საქალაქო სასამართლომ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ჭერის ჩამონგრევის საქმეზე ბრალდებულ სამივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით 35-35 ათასლარიანი გირაო შეუფარდა. მოსამართლემ არ გაიზიარა ბრალდების შუამდგომლობა, რომელიც სამივე ბრალდებულისთვის 50 000- ლარიანი გირაოს შეფარდებას ითვალისწინებდა.

პროკურატურამ მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერის ჩამონგრევის საქმეზე, გულგრილობის, უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამო, უხარისხო სამუშაოს შესრულებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება – გამოყენების ფაქტზე სამ პირს ბრალი 22 ივნისს წაუყენა.

30 იანვარს, მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერი 10:30 საათისთვის ჩამოინგრა. უბედური შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.

ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია შპს “ყვარელმშენმა” ჩაატარა, რომლის წინადადებაც თბილისის მერიამ 2016 წლის 20 ოქტომბერს მიიღო, კონტრაქტი კი მოგვიანებით გაფორმდა. ეს კომპანია 2015 წელს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შავ სიაში შეიყვანა. ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია 347 852 ლარი დაჯდა.

მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.