ბათუმში ახალი საწარმო გაიხსნა

830

ეკონომიკის სამინისტროს პროგრამა “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, ბათუმში შპს „ანთ ჯგუფის“ ახალი საწარმო გაიხსნა, რომელიც სასახურავე მასალების/ აქსესუარებისა და თაბაშირ-მუყაოს ფილების პროფილების აწარმოებს.

პირველ ეტაპზე საწარმოში 13 ადამიანია დასაქმებული, თუმცა სამომავლოდ ამ მაჩვენებლის გაზრდა იგეგმება.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, კომპანია პირველივე წელს 3 333 911 ლარის პროდუქციის წარმოებას და წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, კიდევ ერთი იმპორტის ჩამნაცვლებელი კომპანია შეიქმნა ბათუმში, აჭარის რეგიონში, სადაც ძალიან სწრაფად და დინამიურად ვითარდება მშენებლობა. „კომპანიის ადმინისტრაცია გეგმავს სამომავლოდ საწარმოში დამზადებული პროდუქცია ექსპორტზე გაიტანოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა კომპანიამ აწარმოოს საექსპორტო პროდუქცია, რაშიც აუცილებლად დავეხმარებით,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 1 186 150 ლარს შეადგენს.